მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებს იაპონიაში ჩასვლის უფლება ექნებათ

6347ecff5db02
თათია კაკიაშვილი
16.10.22 18:50
866
ორწლიანი პაუზის შემდეგ, იაპონიამ საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. იაპონიის მთავრობამ უვიზო მიმოსვლა ათეულობით ქვეყანასთან აღადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ის გავრცელების შესანელებელი, მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სასაზღვრო კონტროლი სრულდება.

იმის მიუხედავად, რომ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები სრულად გაუქმებულია. იაპონიაში ჩასულმა სტუმრებმა დახურულ სივრცეებში პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ. იაპონიის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე კორონავირუსის ახალი მუტაციების გავრცელების პოტენციურ საფრთხეს ირიდებენ. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი ქვეყანაში დადგენულ წესებს არ დაემორჩილება და პირბადის ტარებაზე უარს იტყვის, მას სასტუმროში არ შეუშვებენ.

მას შემდეგ, რაც იაპონიის მთავრობამ ტურისტების მიღება დაუშვა, აეროპორტებსა და სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობამ 3-ჯერ იმატა. ტურისტების აქტიურობის და მზარდი მოთხოვნის გამო ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებულ აქტიურობას ელოდებიან.

თუმცა, ამჯერად ქვეყანას ახალი გამოწვევები აქვს. პანდემიის შემდეგ, თითქმის ყველა სექტორში სამუშაო კადრების დეფიციტია, რასაც შედეგად დაკეტილი მაღაზიები და სტუმართ-მასპინძლობის სექტორის შეფერხებული მუშაობა მოჰყვა. მთავრობის მონაცემებით, 2021 წელს, 2019-თან შედარებით, დასაქმების მაჩვენებელი სასტუმროებში 22%-ით შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს იაპონიაში მხოლოდ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჩავიდა, 2019 წელს რეკორდული მაჩვენებელი კი - 31,8 მილიონი იყო. არადა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, იაპონიის მთავრობის მიზანი - 40 მილიონი ტურისტი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა.

ტურიზმის აღდგენის გზით, ახლა იაპონიის მთავრობა წლიურად 34,5 მილიარდი ევროს მოზიდვას ისახავს მიზნად. თუმცა, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი სექტორისთვის, რომელიც პანდემიის დროს ფაქტობრივად გაიყინა, დრო აჩვენებს.

ეკონომისტების წინასწარი პროგნოზით, 2023 წელს უცხოელი ვიზიტორების ხარჯები მხოლოდ 14.9 მილიარდ ევროს მიაღწევს და პანდემიამდელ დონეს 2025 წლამდე ვერ მიუახლოვდება.

ამასთან, უახლოეს კვირებში იაპონიის მთავრობა შიდა სამოგზაურო ტურიზმის ხელშეწყობასაც იწყებს, რაც იაპონელებისთვის ტრანსპორტირების შემცირებულ ხარჯებს გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები