საქართველოში შემოსასვლელად ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონა სავალდებულო გახდება. როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უთხრეს, საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1-ელ ივნისამდე დამტკიცდება.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობამ 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაუჩნდებათ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტებს ახალი ვალდებულება და რა პირობებით.
„ისევე როგორც სხვა ტურისტულ ქვეყნებში, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვისაც განისაზღვრება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის სავალდებულოდ დაზღვევის წესები და პირობები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების, ასევე, საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია (ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეოს საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური შემადგენლობით). აღსანიშნავია, რომ დადგენილების სამუშაო ვერსია განხილულ იქნა სადაზღვევო სექტორთან გამართული სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
დადგენილება დამტკიცდება 1-ელ ივნისამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადას, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“,- უთხრეს BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.