"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, ეს სტუმარმასპინძლობის სექტორის შემოსავლებზე არ აისახება" - ასე აფასებს სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმის დირექტორი ელენე ოთარაშვილი მედიასთან ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას.
როგორც ის აღნიშნავს, სექტორის წარმომადგენლები იძულებულები ხდებიან, დაბალ მხარჯველუნარიან სეგმენტს მოერგონ.
"დღეს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ ციფრების მიხედვით ტურისტების რაოდენობა შეიძლება იზრდება, მაგრამ ეს არ არის პირდაპირპროპორციული შემოსავლების ზრდასთან; რაც შესაბამისად იწვევს იმას, რომ სასტუმროებში ნომრის საშუალო ღირებულებამ დაიწია და თვითონ სტუმრის პროფილი არის ძალიან შეცვლილი. უფრო დაბალბიუჯეტური სტუმრები ჩამოდიან, რაც აისახება ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე, რესტორნებში ნაკლები მოთხოვნაა ქართულ ღვინოზე, ქართულ კერძებზე.
სასტუმროები იძულებულნი გავხდით, მოვრგებოდით ამ ახალ სეგმენტებს, თუმცა მე ვფიქრობ, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს ქვეყანას, უნდა მოხდეს ფართო წარმოჩენა სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებში, საიდანაც წამოსული სეგმენტი გვეხმარება, განვავითაროთ ეს სფერო. იმიტომ რომ ჩვენ სწორებას ყოველთვის ვაკეთებდით ევროპულ სეგმენტზე", - ამბობს ელენე ოთარაშვილი.
გამოწვევებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყანას პირდაპირი ფრენების განვითარება სჭირდება, რათა მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები მოიზიდოს. BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მან ტურიზმის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"საერთაშორისო ფრენები სხვადასხვა მიმართულებით ემატება, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი თუნდაც იმისთვის, რომ, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით სტუმრები ჩამოვიდნენ, რომლებიც არიან ერთ-ერთი საუკეთესო მხარჯველი ტურისტები. ასევე, დიდ ბრიტანეთთან ფრენები დაგვემატა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, ანუ ამ მხრივ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, რომ გავამარტივოთ საქართველოში ჩამოსვლა და ეს უნდა იყოს ჩვენი მომავალი, ამაზე უნდა იდგეს ქართული სტუმარმასპინძლობა, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ეს ინდუსტრია იქნება მდგრადი და მუდმივად განვითარებადი.
მე ვიტყოდი, რომ დღეს ძირითადად სასტუმრო ბრენდები თავმოყრილნი არიან თბილისში და, რაც უფრო გავიშლებით რეგიონებში, მით უფრო კარგი იქნება დეცენტრალიზაცია. რა თქმა უნდა, დიდი პოტენციალი აქვს კახეთს და დასავლეთ საქართველოს. ეს არის უდიდესი რესურსები, რომელიც ასათვისებელია და ამას უნდა მოჰყვეს ასევე ის სწორი პოლიტიკა, რომ შემოვიდნენ შესაბამისი სეგმენტის ტურისტები, რომლებიც ასეთი ხარისხის სასტუმროებში უკვე კარგად ხარჯავენ", - ამბობს სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმის დირექტორი.
ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი (HIF - Hospitality Investment Forum) წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან სასტუმრო ბრენდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს, ინვესტორებს, ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს, ფინანსურ და საჯარო ინსტიტუციურ პარტნიორებს.




























