აღმოსავლეთის ტურისტული ბაზარი ძალიან დაბალ ფასს ითხოვს, რისი დაკმაყოფილებაც ქართულ ბაზარზე მომუშავე ჰოტელიერებისთვის შეუძლებელია - ამის შესახებ BMG-სთან "სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, თავდაპირველად დამკვიდრებული დაბალი ფასების გამო, ახლაც, ფასების ზრდის პირობებში, ტურისტების მხრიდან უკმაყოფილებას აწყდებიან, რომლებიც კიდევ უფრო დაბალ ფასებს ითხოვენ.
„აღმოსავლეთის ქვეყნები იმ პერიოდში გაიხსნა, როდესაც პანდემიის შემდეგ გაჩერებულ ბიზნესებს სურდათ სწრაფ რეჟიმში ამუშავება. ბაზარზე შევიდა ბევრი ახალი მოთამაშე საქართველოდანაც, შედარებით ნაკლები გამოცდილებით. სამწუხაროდ, თავიდანვე ვერ გაითვალა ის, რომ კონკურენცია უნდა გაწეულიყო არა ფასით, არამედ ხარისხით და რომ აღმოსავლურ ბაზარზე შევსულიყავით საკმაოდ კარგი ხარისხით, კარგი ფასებით. წავიდა დემპინგი.
საბოლოო ჯამში, გამოვიდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რომ თუ 2021-2023 წლებში დაბალი ფასებით ვოპერირებდით, ახლა რატომ გავზარდეთ ფასები, გაუგებარია ამ ხალხისთვის.
როგორც ბაზარი, რომელიც მუდმივად შენთან დადის, ითხოვენ კიდევ უფრო დაბალ ფასს. სამწუხაროდ, თავიდანვე არ დაჯდა სწორი ფასები - სასტუმროებმა ფასები დასწიეს იმიტომ, რომ გადარჩენის ზღვარზე იყვნენ. საბოლოოდ, აი ეს მივიღეთ, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ - რომ კიდევ უფრო დაბალ ფასს გვთხოვენ მაშინ, როდესაც სასტუმროს ნომრის ფასი - რა კომპონენტებითაც მიიღება, ყველა კომპონენტში ფასების მატება გვაქვს. დაწყებული სასტუმროს გადასახადებით, კვება, თეთრეული, რეცხვაც კი, პროდუქტები, გადასახადი, აბსოლუტურად ყველაფერში, ფასები გაგვიძვირდა“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.
მისივე თქმით, ტურისტულ სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული კონკურენცია, ლოგიკური საფასო პოლიტიკა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ბაზარი მდგრადი და მოგებიანი გახდეს.




























