სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, დღევანდელი დღის მონაცემებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასტუმრო ჯავშნების გაუქმებისა და კონფერენციების გადადების გამო, ბიზნესს ₾500 ათასის ზარალი მიადგა. როგორც ვალერი ჩეხერია ერთი კვირით ადრე BM.GE-სთან აღნიშნავდა, ზარალი მაშინ ₾300 ათასი იყო.
სასტუმროების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მათ სასტუმროებში ღონისძიებების გამართვას გეგმავენ, ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურებას ელიან. ამ მიზეზის გამო Rooms-ის სასტუმროებში უქმდება ჯავშნებიც.
„ეს არ არის მხოლოდ ნომრებიდან გაუქმებული ჯავშნები, ეს არის საკონფერენციო ღონისძიებები. ჩვენს ჯგუფში, ოთხივე სასტუმროს ჭრილში, ჯავშნების გაუქმებით მიღებული ზარალი დღეისთვის, დაახლოებით, 0.5 მლნ ლარამდეა გაზრდილი. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დიდი ღონისძიებაა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე დიდბიუჯეტიანი იყო, სექტემბერში გადაიტანეს. ორგანიზატორები მდგომარეობის დასტაბილურებას ელიან.
ვალერი ჩეხერია აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაშიც აუცილებელია, რომ ბიზნესმა იმუშაოს, განვითარდეს და ძალიან ბევრი ტურისტი მოიზიდოს იმისთვის, რომ ქვეყანა მართლაც ევროპული იყოს, ამიტომ კომპანია ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს, თუმცა ყველა მხარისთვის ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურება მნიშვნელოვანია.
„აქეთ [ევროპისკენ] მივდივართ ყველანი და ამ მიმართულებით გვინდა სიარული. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც ინდივიდუალურ ტურიზმზე ექნებათ გავლენა აქტიური მუშაობა დავიწყეთ, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მათ, რომ რაც უფრო მეტი ჩამოვლენ, მით უფრო ევროპულები ვიქნებით, მით უფრო კარგად დავინახავთ რა არის ევროპა და უფრო მეტად აქტიურად მოგვინდეს ევროპისკენ წასვლა. უფრო მეტად ინდივიდუალური ჯავშნები უქმდება და არა ჯგუფური ჯავშნები. ინდივიდუალური მომხმარებელი უფრო მეტად გადამხდელუნარიანია და შესაბამისად, ეს სეგმენტი უფრო მეტად მიმზიდველია, რადგან აქედან გამომდინარე ტურისტულ ჯგუფს შეგიძლია უფრო კარგი ფასი შესთავაზო.
ჩვენთან საკონფერენციო ნაწილში საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ვმუშაობთ მათთან, ვინც ჯავშნები გადადო, რომ გავიგოთ, როდის აპირებენ ამ ღონისძიებების ჩატარებას. ისინი გვპასუხობენ, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას და ესა თუ ის ღონისძიებაც აუცილებლად გაიმართება. უბრალოდ მათაც სჭირდებათ სტაბილური გარემო“, - განმარტა ჩეხერიამ.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი იმასაც ამბობს, რომ პირველი კვარტალი კომპანიისთვის კარგად დაიწყო, რამაც მათ მარკეტინგული კამპანიისთვის კარგი ბიუჯეტის გამოყოფის საშუალება მისცა, თუმცა დღეისთვის ტურისტული აქტივობა ისეთი არ არის, რა გათვლებიც ჰქონდათ.
„წელი ძალიან კარგად დაიწყო, ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით მარკეტინგისთვის კარგი ბიუჯეტი გამოვყავით. ტურიზმში ეს ის პერიოდია, როდესაც ჯავშნები ყველაზე აქტიურად უნდა შემოდიოდეს; ეს ის პერიოდია, როცა სასტუმროებში ადგილები არ უნდა იყოს. მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი ის პერიოდია, როცა მოგზაურებმა იციან, რომ საქართველოში ყველაზე გემრიელი მოსავალი მოდის და რეგიონებში ტურიზმის აქტიურდება, ჩამოდიან არამხოლოდ ტურისტული ჯგუფები, არამედ ინდივიდუალური მოგზაურები... ამ ყიჟინას სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, დღეს, არ გვაქვს ის ბუმი, რომელსაც ველოდით, რომელზეც ჩვენ გათვლა და აქტიური მიმოწერა გვქონდა. დღეს ეს აქტიურობა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.