მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმი მეტი არაფერია თუ არა ციფრები" - მარიამ ქვრივიშვილი სექტორს პასუხობს

ქვრივიშვილი ომიაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ყოველ წელს მდგრადად და დივერსიფიცირებულად იზრდება. მან ტურიზმის ინდუსტრიის 2024 წლის შედეგებზე #ბიზნესპარტნიორთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველომ შეუძლებელი შეძლო" 4.4 მლრდ დოლარის მიღებით.

"ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორის, ტურიზმის განვითარებაზე, არის დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია არაა მხოლოდ სიტყვები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია ყოველ წელს იზრდება მდგრადად და დივერსიფიცირებულად. ტურიზმი არის არაფერი მეტი თუ არა ციფრები და აქ სპეკულაციების რესურსი ფაქტობრივად არ არსებობს. ვხედავთ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდან რამდენი ტურისტი ჩამოვიდა, რომელიც ქვეყნის მოქალაქემ რამდენი ფული დახარჯა, რა თანხაა შემოსული ბიუჯეტში და როგორ ნაწილდება ის მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისთვის გაუგებარია, დღეს, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სექტორისგან გაჟღერებული წუხილი, რომ ტურიზმის სტატისტიკა და არსებული რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.

"მიჭირს გიპასუხოთ ამ კითხვაზე, რას ნიშნავს სტატისტიკა არ შეესაბამება რეალობას. ჩამოდიან ქვეყანაში ტურისტები და ვხედავთ, რომ ბიუჯეტში შევიდა 4 მლრდ 400 მლნ დოლარი",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ყველანაირი საფუძველია იმის თქმის, რომ მიმდინარე წელი წარმატებული იქნება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე, 4.7 მლრდ დოლარამდე გაიზრდება შემოსავალი.

"ჩვენ ყოველთვის ვებრძვით იმას, რომ ტურიზმი პოლიტიკურად გამოყენებული ინსტრუმენტი არ იყოს.

ყოველი რაღაც სირთულის დროს დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ გაჩერდა ტურიზმის და არაფერი ხდება ინდუსტრიაში... რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სადღაც ობიექტურობა შევინარჩუნოთ ისევ მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის.

ეს არ ნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორში ყველაფერი კარგადაა. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით სწორად უნდა ვუპასუხოთ გამოწვევებს",- თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია გამართა - "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები". შეხვედრაზე სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია რეალობას არ ასახავს, ვინაიდან სასტუმროები იხურება და სექტორი გადარჩენას ფასების შემცირებით ცდილობს.

"განსაკუთრებით დამცინავად იყო, რომ ბოლო კვარტალი ყოფილა სასწაული ჩვენთან და რეკორდული შემოსავლები მივიღეთ. პირადად გეუბნებით, რომ 9 სასტუმრო დაიკეტა 6 თვეში და ამ ბოლო ერთ თვეში კიდევ 2 სასტუმრო დაიკეტა. ჩვენი სტრატეგია ამ ეტაპზე იცით რა არის, ოღონდ სტუმრები მოვიზიდოთ, პლატფორმებზე ფასები ისტორიულ მინიმუმზე დავწიეთ. ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა თბილისის სასტუმროებშია ბოლო 30 წელია არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ გადავრჩეთ და კიდევ არ გავუშვათ თანამშრომლები. ესაა რეალობა, სადაც ვცხოვრობთ",- მიმართა ალავერდაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები