მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმიდან შემოსავლებში გერმანიის და პოლონეთის წილი საკმაოდ მაღალია“

62f23bba4592d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.22 16:24
1132
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ტურიზმის მხრივ ქვეყანას საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს. ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ მედეა ჯანიაშვილის შეფასებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში გერმანიისა და პოლონეთის წილი დიდია.

„ევროპის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნობრივი ბაზარია. განსაკუთრებით გააქტიურებულია პოლონეთი და გერმანია და ამ მიმართულებებიდან ზრდა გვაქვს. საერთო შემოსავლების წილში ამ ქვეყნების წილი საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ ევროპა კიდევ უფრო გააქტიურდება იმის ფონზე რომ გვაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები“, - განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

მისი თქმით, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ი დაიბრუნა.

“ჩვენ ივლისში პოზიტიური შედეგები გვაქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საერთო მოცულობაში ტურისტული ვიზიტების წილი მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი. მაგალითისთვის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში საერთაშორისო ვიზიტორების წილი 67%-ით არის აღდგენილი, ხოლო ტურისტული ვიზიტები 80%-ით, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები მოვიზიდეთ. განსაკუთრებით სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ 2017 წელთან მიმართებაში არამხოლოდ აღდგენა გვაქვს, არამედ სახეზეა ზრდა გარკვეული მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, რაც ძალიან ოპტიმიზმს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას ტურიზმიდან“, - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულ ბანკს ივლისის ჩათვლით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალების მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. აღნიშნული ინფორმაცია 15 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს საქართველომ ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურებიდან 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ყველაზე დიდი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მყოფმა 387,000-მა ვიზიტორმა 302 მილიონი დოლარი დახარჯა. 6 თვის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებზე ამ პერიოდში 121 მილიონი დოლარი მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები