ტურიზმის ეროვნულმა ადამინისტრაციამ საქართველოს საერთაშორისო მარკეტინგი განაახლა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაცია წელს საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს წარმოჩენაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს. სააგენტო ამ ხარჯებს გამარტივებული წესით გასწევს.
ამ გამოფენების ჩამონათვალი ასეთია:
FITUR - მადრიდი, ესპანეთი 19-23 მაისი;
IMTM - თელავივი, ისრაელი 9 თებერვალი +4 თვე ონლაინ, 15.16 ივნისი რეალური;
ATM - დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები 16-19 მაისი;
WTM - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 5-7 ნოემბერი;
IBTM - ესპანეთი, ქ. ბარსელონა 30 ნოემბერი-2 დეკემბერი;
World Travel show - ვარშავა, პოლონეთი შემოდგომა;
ITB - ბერლინი, გერმანია 7-11 მარტი, საქართველო ამ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
"ნათელია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ტურისტის ორიენტაცია განსაკუთრებით მიმართული იქნება უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიამ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეცვალა ტურისტული შეთავაზების ფორმა და მარკეტინგული აქტივობების განხორციელების არხები, შესაბამისად სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რაც ახალ მიდგომებსა და უნარებს საჭიროებს,"- ნათქვამია მთავრობის განკარგულების პროექტში.
2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით შემცირდა და 1.7 მილიონი შეადგინა. ამ ვიზიტორების უდიდესი ნაწილი ქვეყანას წლის პირველ კვარტრალში, ლოქდაუნის დაწესებამდე ესტუმრა. ტურიზმის სექტორის ჯამური დანაკარგი $2.7 მილიარდი დოლარია.




























