მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაცია 3 თვის წინ დაფუძნებულ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის შექმნაში ₾282,500-ს უხდის

ai

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს. ამისთვის ადმინისტრაციამ უტენდეროდ, გამარტივებული წესით გააფორმა ხელშეკრულება კომპანია "იმმერსივ ეიაი სოლუშენთან", რომელსაც 6-თვიანი მომსახურებისთვის 282,500 ლარს გადაუხდის. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია 2025 წლის პირველ აპრილს დაფუძნდა და მას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს.

"პროექტი მიზნად ისახავს შექმნას მულტი-აგენტური ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემა, რომელიც ინტეგრირებული იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) ვებ-პლატფორმებზე,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

პროექტის აღწერის თანახმად, მულტი-აგენტური ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ტურისტებს პერსონალიზებულ მარშრუტებს შეუქმნის, ადმინისტრაციას მიაწვდის ღრმა ანალიტიკას და სტატისტიკას. სისტემას ექნება ჩატბოტი, PDF მარშრუტების გენერატორი და დეშბორდები. ტექნიკური დოკუმენტაციით ჩანს, რომ პროექტში უნდა ჩაერთოს სრული AI გუნდი — ML ინჟინრები, Backend და Frontend დეველოპერები, DevOps სპეციალისტები, QA და UI/UX დიზაინერები. ხელშეკრულება ითვალისწინებს სისტემის 6 თვეში შექმნას და შემდგომ 6-თვიან მხარდაჭერას.

"Georgia Travel AI იქნება ერთიანი სახელწოდება, რომელიც გამოჩნდება ყველა ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ჩატის სახით. ინტეგრაციის უპირატესობები:

• მუშაობს როგორც სამოგზაურო დაგეგმვის ასისტენტი და მხარდაჭერის სისტემა
• ქმნის ერთიან ტურისტულ ეკოსისტემას
• უზრუნველყოფს GNTA-სთვის ანალიტიკური მონაცემების მიწოდებას

PDF გენერაცია:

• სისტემა შექმნის ვიზუალურ PDF ფორმატის მარშრუტებს, რომლებიც მოიცავს:
oკვების რეკომენდაციებს;
oგანთავსების ვარიანტებს;
oღირსშესანიშნაობებს და აქტივობებს;
oმოგზაურობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებებს;
oტრანსპორტის ვარიანტებს;
oგიდების რეკომენდაციებს,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "იმმერსივ ეიაი სოლუშენის" დამფუძნებელი, მესაკუთრე და დირექტორი არის ხატია ჯაშიაშვილი-ივანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები