მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაცია ITB-China 2025-ში მონაწილეობს - როგორია ჩინეთიდან ვიზიტების ტენდენცია?

ჩინეთი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს, რომელიც 27-29 მაისს იმართება. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ესწრება სასტუმრო "ბილტმორის" წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილიც, რომლის კომენტარსაც ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გამოფენის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. ITB-China 2025-ზე შესაძლებლობა გვაქვს, პირველ რიგში, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა და ტურისტული პროდუქტები, მისი უპირატესობებით. მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად ინდუსტრიის წამყვან ოპერატორებთან, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას. მით უმეტეს, ჩინეთის ბაზარი ჩვენთვის ახალია, ძალიან ხელს უწყობს უვიზო მიმოსვლა. განწყობა, მოლოდინები ბუნებრივია პოზიტიურია. მომდევნო დღეები კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული იქნება და საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ“, - აღნიშნავს ქეთევან რეხვიაშვილი.

ტურისტული კომპანია Guide of Georgia-ს დირექტორი ეკატერინე ჯიქიძე კი ამბობს, რომ ჩინეთიდან ბევრ ტურისტს ელიან.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრ ჩინელ მოგზაურს მოვიზიდავთ, რადგან დიდი მოთხოვნაა საქართველოზე. სტატისტიკით, ჩინელი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველები არიან და ეს გვაძლევს ძალიან დიდი იმედის საფუძველს, რომ გვეყოლება მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტები საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ არაბულ და სპარსეთის ყურის ბაზრებზე, ასევე ინდოეთზე და ახლა პირველად ვართ ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს წარმატებული სეზონის დასაწყისი იქნება“, - აცხადებს ეკატერინე ჯიქიძე.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.

ცნობისთვის, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება 2023 წლის სექტემბრიდან აქვთ. კერძოდ, ამ პერიოდიდან მათ აქვთ სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის. 2024 წლის 28 მაისიდან კი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურონ.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. მიმდინარე წელს, პირველ კვარტალში ამ ქვეყნიდან საქართველოში 13,875 შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს (9,905) 40%-ით აღემატება. 2023 წელს კი ჩინეთიდან კიდევ უფრო ნაკლები 2,540 ვიზიტორი შემოვიდა.

წელი ვიზიტების რაოდენობა
2012 7,633 ვიზიტი
2013 6,641 ვიზიტი
2014 5,919 ვიზიტი
2015 6,849 ვიზიტი
2016 10,847 ვიზიტი
2017 18,179 ვიზიტი
2018 31,855 ვიზიტი
2019 48,071 ვიზიტი
2020 4,363 ვიზიტი
2021 3,468 ვიზიტი
2022 7,380 ვიზიტი
2023 48,304 ვიზიტი
2024 88,583 ვიზიტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები