[ზურაბ პოლოლიკაშვილი ასეთი მოქცევის ღირსი არ იყო“ - ასე კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის ფორმას.
გუშინ, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობამ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს. თავის მხრივ, ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო - „ჩუმად აკეთებდნენ. ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის სურვილი თავად არასდროს მქონია".
„[კანდიდატურის მოხსნის] ფორმა იყო მიუღებელი. დღეს ვკითხულობდი ტურიზმის ექსპერტების და ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებებს და აბსოლუტურად ყველა აკრიტიკებდა ამ გადაწყვეტილებას. მიუღებელია, ადამიანის ზურგს უკან დანის ჩაცემა...“, - განაცხადა გიორგი ბრეგაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან, სადაც ისინი ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს ჰყვებიან, „ბევრი ვერაფერი გაიგო“.
"არსებობდა კონკრეტული მხარდაჭერა, არსებობდა იმედი მესამე ვადით არჩევის და ჩემი აზრით, საქართველოს ბოლომდე უნდა ებრძოლა გამარჯვებისთვის. ყოველთვის ხომ არ გვაქვს ასეთი შანსი, რომ ქართველი იყოს გლობალური ორგანიზაციის გენერალური მდივანი?! ან ისეთი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო, რომ კანდიდატურის მოხსნას ასეთი სკანდალი არ გამოეწვია“, - ამბობს ის.
„რამდენად რეალურია, რომ პოტენციური გენმდივნის პოსტი საქართველომ, სავარაუდოდ, რუსეთის მითითების საფუძველზე დათმო, რადგან რადგან რუსეთი UNWTO-დან სწორედ ზურაბ პოლოლიკაშვილის გენმდივნობის პერიოდში გაირიცხა?“ – „რთულია თქმა“ - გვპასუხობს გიორგი ბრეგაძე, თუმცა მიაჩნია, რომ მაშინ ზურაბ პოლოლიკაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ისეთი ქვეყნის წევრობა, რომელიც იწვევს ომს მეზობელ ქვეყანაში, არაა მიზანშეწონილი“, - განაცხადა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ბრეგაძემ ვრცლად ისაუბრა იმ საქმეებზე, რომელიც ორი ვადით არჩეულის ზურაბ პოლოლიკაშვილის გავლენით და დახმარებით საქართველოში გაკეთდა.
რა არგო ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს UNWTO-დან - გიორგი ბრეგაძის შეფასება
„ალბათ ტურიზმის ადმინისტრაცია უფრო უნდა საუბრობდეს ამ საქმეებზე. მე ადმინისტრაციიდან 2020 წელს წამოვედი და მთელი დახმარებების პაკეტი იყო მზად. მთლიანობაში დიდი წვლილი შეიტანა ტურიზმის განვითარებაში. ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რა პერიოდიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ისევ გვერდში დაუდგება, მიუხედავად ამ საკმაოდ სასირცხვილო გადაწყვტილებისა, რომელიც ქვეყანამ მიიღო“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ გაეროს სტრუქტურაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის ყოფნა ისტორიული მოვლენა იყო.
„ბოლო წლებში, საქართველო არაერთხელ იქცა მასპინძლად საერთაშორისო ღონისძიებებისთვის — ეს კი ქვეყნის იმიჯს, პარტნიორულ ქსელებსა და საინვესტიციო გარემოს აძლიერებს. მართალია, მე თავად 2020 წლიდან აღარ ვარ ტურიზმის ადმინისტრაციაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიას სხვა კოლეგებიც დაამატებდნენ ბევრ ისტორიას — კულისების მიღმა მხარდაჭერის, სტრატეგიული ხედვისა და საქართველოსთვის გაწეული შრომის შესახებ. ამდენად, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი პოლოლიკაშვილის გავლენის, ავტორიტეტისა და ხედვის გარეშე. გენერალური მდივანი რომ ქართველი იყო, გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნოდა და ცხადია, ვისი გავლენით მოხდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა გიორგი ბრეგაძემ.




























