მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ EU-ში მარკეტინგისთვის €2-მილიონიანი, ჩინეთში კი $1 მლნ-ის კონტრაქტი გააფორმა

ქვრივიშვილი ომიაძე

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგისთვის ორი ახალი კონტრაქტი გააფორმა.

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, 2 მილიონი ევროს ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანია AVIAREPS-ს, რომელიც ევროპაში ტურიზმის მარკეტინგის სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგისთვის კი 1 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა კომპანია Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-ის.

კომპანია AVIAREPS-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ძირითადი ბაზრები, რომლებზეც აღნიშნული მარკეტინგული ბიუჯეტი დაიხარჯება ასე ნაწილდება:

  • გერმანია: €774,494 (45%)

  • საფრანგეთი: €416,681 (25%)

  • პოლონეთი: €257,253 (15%)

  • სკანდინავია: €251,572 (15%).

ხელშეკრულების დანართებში მოცემულია კონკრეტული კამპანიები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს მოიცავს: საქართველოს ბრენდის ცნობადობის გაზრდას; საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაშუქებას როგორც დასასვენებელი, კულტურული და ბუნებრივი მარშრუტის; სხვადასხვა საკომუნიკაციო არხზე მორგებულ შინაარსის შექმნასა და გავრცელებას.

ტელევიზია - მაღალი დაფარვის მქონე არხები (მაგ. გერმანიაში – ZDF, VOX, NTV);

რადიო: თემატურად შერჩეული რადიო გადაცემები (მაგ. საფრანგეთში – სპეციალური ტურისტული გადაცემა „Low Season“);

ონლაინ პლატფორმები: გეოლოკალიზებული რეკლამა, ბანერები, ვიდეო კლიპები, Google/Meta რეკლამები, სტატიები.

ბეჭდური მედიები: მოგზაურობის, გართობისა და ცხოვრების სტილის ჟურნალები (მაგ. სკანდინავიაში – Amelia, Reiselivsmagasinet).

მობილური რეკლამა: მოძრავი შთაბეჭდილების მქონე რეკლამები მობილურ მოწყობილობებზე (დამატებულია click-through მონაცემებიც). ბილბორდები და გარე რეკლამა: მაღალი გამავლობის ლოკაციებზე რეკლამების განთავსება.

ჩინეთის ბაზარზე გაფორმებული 1 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტის თანახმად კი კომპანია Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology ვალდებულია:

  • შექმნას სოციალური მედიის კამპანიები პლატფორმებზე: WeChat, Weibo, RED და სხვ.

  • ონლაინ და ოფლაინ კამპანიები, სავაჭრო გამოფენები, საეჭვო ზარები, ვებინარები.

  • სარეკლამო ვიზიტების ორგანიზება მედიის, ინფლუენსერებისა და ტურისტული კომპანიებისთვის.

  • ანგარიშგების და ანალიტიკური მონაცემების მიწოდება.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს შესახებ ჩინურ სოციალურ ქსელ WeChat-ზე რეკლამები მათ შეხვდებათ ვინც შემდეგი ქივორდებით არიან დაინტერესებული: მოგზაურობა; ლაქშერი (luxury); სპორტი; ხელოვნება; შოპინგი და კულტურა; სპა; კვება და სასმელი (F&B).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2025 წლის მარკეტინგული ბიუჯეტი 27.7 მილიონი ლარისგან შედგება, რასაც უწყება ძირითადად გამარტივებული შესყიდვების სახით ითვისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები