ტურიზმის ადმინისტრაციამ შვეიცარიულ ავიაკომპანიას Lufthansa-ს ჯგუფში შემავალ Edelweiss-ს 68 (დღგ-ის ჩათვლით) ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, ავიაკომპანიამ ტურიზმის ადმინისტრაციის დაკვეთით მარკეტინგული კამპანიები უნდა ჩაატაროს, რაც მოიცავს სოციალურ ქსელებში პოსტებს, ნიუსლეთერს, ბანერების განთავსებას და სხვა აქტივობებს.
Edelweiss-თან დადებული ხელშეკრულება 2027 წლის იანვრის ჩათვლით არის მოქმედი. აღსანიშნავია, რომ ამ ავიაკომპანიასთან შარშანაც მოქმედებდა მსგავსი ხელშეკრულება, რომლის მიზანიც საქართველოს მიმართულების პოპულარიზება იყო, მაშინ ადმინისტრაციამ ჯამში 118 ათასი ევროს ხელშეკრულება გააფორმა (დღგ-ის ჩათვლით).
ცნობისთვის, Edelweiss-მა საქართველოში ოპერირება გასული წლის აპრილში დაიწყო. ავიაკომპანია ციურიხი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.




























