სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დარციმელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუშაობის პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ დღეს უწყებას მხოლოდ ე.წ პრომოუშენის ფუნქციას ასრულებს და ისიც ნაწილობრივ. მისი თქმით, უწყებას არ აქვს რეალური ბერკეტი კონკრეტული საკითხების გადაჭრაში. როგორც დარციმელია ამბობს, უნდა მოხდეს არსებული დებულების ხელახლა გაწერა.
“ვხედავთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხოლოდ პრომო ფუნქციას, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდება. ადმინისტრირებას რასაც ვეძახით და მენეჯმენტს ამ ნაწილში ჩამოვრჩებით. ისიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულება თავიდან არის დასაწერი, რომ მან მენეჯმენტის ნაწილიც შეითავსოს. ამისი სურვილი თავად ბიზნესის მხრიდანაც არის და ადმინისტრაციის მხრიდანაც. თუმცა ეს ამ უწყებას არ აქვს ფუნქციურად გაწერილი ”, - ამბობს გიორგი დარციმელია.
კითხვაზე - როგორი უნდა იყოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პოლიტიკა და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, გიორგი დარციმელია ამბობს, 4 ძირითადი მიმართულებით უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა. მისი თქმით, ეს მიმართულებებია უსაფრთხოება, განვითარებული სერვისები, ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია ბიზნესთან. მისი განმარტებით, დღეს საქართველოს ტურიზმში ევროპული სტანდარტების გადმოტანა რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება.