საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მემორანდუმი გააფორმა ინდურ ტურისტულ კომპანია Thomas Cook-თან, ევროპაში მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია გამართა - "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები". მაია ომიაძემ ღონისძიებაზე Thomas Cook-თან თანამშრომლობის სარგებელზე ისაუბრა.
"პარტნიორი ეყოლება ქვეყანას და ტურიზმის ადმინისტრაციას, რომელიც მიეხმარება ცნობადობის ამაღლებაში. ჩვენი მარკეტინგული ბიუჯეტი არც თუ ისე დიდია იმ ფონზე დიდი ქვეყნები რასაც ხარჯავენ, თუნდაც იმაში, რომ ინდოეთის გარკვეული წილი თავის ქვეყანაში წაიღონ. ჩემთვის ნებისმიერი ძლიერი პარტნიორი, რომელიც ცნობადობის გაზრდაში დამეხმარება და მე დამეზოგება გარკვეული ბიუჯეტი, რომელიც სხვაგან შემიძლია წავიღო, მხოლოდ მისასალმებელი იქნება",- თქვა მაია ომიაძე.
მას ჰკითხეს, თუ აქვს ადმინისტრაციას მსგავსი თანამშრომლობა ევროპაში, რაზეც ომიაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საკითხის კვლევის ეტაპზეა.
"სხვადასხვა ფორმატი არსებობს ყველგან. მათ შორის ევროპაში ბაზრის კვლევის ეტაპზე ვართ იმისთვის, რომ მოვიძიოთ პარტნიორული კომპანია",- განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ადმინისტრაციამ 1-ელ თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთში, მუმბაიში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანიასთან - Thomas Cook. მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია: საქართველოს ცნობადობის ამაღლება ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს შესახებ ტურისტულად მიმზიდველი მედიაკამპანიის ორგანიზება, გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა ინდოეთში, უნიკალური და ინდოეთის ბაზარზე მორგებული ტურისტული პროდუქტების შექმნა, ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები ინდოეთში საქართველოს შესახებ, გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიზნით.




























