"ქართული ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტში ტურიზმის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც არსებულ კანონში ასამოქმედებელი ნორმების გადავადებას უკავშირდება. არსებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად აფართოებს ტურიზმის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციებს როგორც ტურისტულ კომპანიებზე, ასევე გიდებზე და მათ კონკრეტული დარღვევებისთვის სანქციებსაც უწესებს.
დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, გამოიკვეთა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს ტურისტული სექტორის სრულყოფილად ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება, ამიტომ ხდება მთელი რიგი მუხლების ამოქმედების ვადების გადაწევა. კერძოდ, პროექტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტებისა და „ტურიზმის შესახებ“ კანონის დებულებების ამოქმედების ვადები 2025 წლის 1 ივნისის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.
ასევე, მთავრობის მიერ პარლამენტისთვის „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის ვადა 2024 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდა;
"2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცებას.
ასევე 2025 წლის 1 ივნისამდე გადავადდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შემუშავება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ამოქმედებულიყო,"- ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კანონის მოქმედი რედაქციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებულია სანქცირებები იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაცია აღმოაჩენს კონკრეტულ დარღვევებს, ესენია:
- ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე;
- ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე;
- სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე;
- საქმიანობის განხორციელება სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის მიერ, რომლებსაც თან არ აქვთ საიდენტიფიკაციო მოწმობა;
- რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე;
- ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა;
- ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე.