სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "KA ჯგუფის" დამფუძნებელ ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, ტურიზმის ინდუსტრიას ფორსმაჟორულ რეჟიმში მოუწია მუშაობა.
[ტურიზმის ბიზნესმა] მარტის ჩავარდნას მეტ-ნაკლებად გაუძლო - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც პირველი კვარტალის შედეგები შეაჯამა.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, „KA ჯგუფი“ 12 სასტუმროს მართავს მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, ყაზბეგში, გორში, ახალციხეში, წყალტუბოსა და საირმეში.
ირაკლი ჭიღლაძის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ომს მარტში ტურისტების ნაკადზე იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, მენეჯმენტ კომპანიამ წინასწარ გაწერილი ფინანსური გეგმების "დავიწყება" მოუწია, თუმცა პირველი კვარტალი ჯამურად მაინც დადებითი აღმოჩნდა, რაც იანვარ-თებერვლის მაღალმა აქტივობამ განაპირობა.
„შემიძლია, 12-ვე სასტუმროს მაგალითი გაგიზიაროთ. პრინციპში, მონაცემები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მართალია, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული მაჩვენებლები გვქონდა, თუმცა თუ რეგიონების მიხედვით დავყოფთ, გამოჩნდება, რომ იმ ბაზრებზე, რეგიონებსა და სასტუმროებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, კონფლიქტმა დიდი გავლენა მოახდინა, ხოლო მათზე, ვინც ამ ბაზრებზე ორიენტირებული არ იყო - პრაქტიკულად, არა.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ „წყალტუბო პლაზა“ - მარტში მისაღები შემოსავლების გეგმა, პირიქით, გადაჭარბებით შევასრულეთ, რადგან ამ ბაზრებიდან წყალტუბოში სტუმრების მიღების მოლოდინი ისედაც არ გვქონია, თუმცა სამთო კურორტებზე -გუდაურსა და ბაკურიანში - რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. საერთო ჯამში, სიტუაცია იმან დააბალანსა, რომ იანვარი და თებერვალი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მარტი მაინც დადებითად დაიხურა.
აქ მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ „კარგ“ და „ცუდ“ მაჩვენებლებში. როგორც წესი, თუ სასტუმრო ბაზარზე სამი წელი ან მეტია ოპერირებს, წლიური ზრდა 7%-დან 15%-მდე იგეგმება. არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც უფრო ამბიციურ ზრდას აბიუჯეტებ. გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო, თითქმის ყველა სასტუმროში 2026 წლისთვის 20-25%-იანი ზრდა დავაბიუჯეტეთ. მიუხედავად ასეთი მაღალი თამასისა, იანვარ-თებერვალი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, მარტის ჩავარდნას ბიზნესმა მეტ-ნაკლებად გაუძლო, თუმცა მსგავსი ფორსმაჟორისთვის მზად არ ვიყავით და სწრაფი გადაწყობა მოგვიხდა.
დედაქალაქზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რყევა მოქმედებს, რადგან თბილისი არის პირველი ან ბოლო წერტილი, სადაც თითქმის ყველა ვიზიტორი ღამეს ათევს. შესაბამისად, აქ გავლენა საკმაოდ დიდი იყო“, - განმარტა ირაკლი ჭიღლაძემ.
კონფლიქტის გამო დაკარგული ნაკადების (განსაკუთრებით ისრაელიდან და ირანიდან) კომპენსირებას KA Group-ი მეზობელი ქვეყნებისა და სტაბილური ევროპული ბაზრების ხარჯზე ცდილობს.
როგორც ირაკლი ჭიღლაძემ თქვა, უკვე გამართეს B2B შეხვედრები აზერბაიჯანსა და თურქეთში. ასევე, KA Group-ი ფოკუსირებულია ტურისტების მოზიდვაზე ნაკლებად მოწყვლადი ბაზრებიდან, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და პოლონეთი და ასევე, ევროკავშირის სტაბილური ქვეყნებიდან - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია.
ირაკლი ჭიღლაძე პროგნოზირებს, რომ ამ ქვეყნებიდან წელს აუცილებლად იქნება ზრდა, რადგან ისინი „მოწესრიგებული ტურიზმით“ გამოირჩევიან.
როგორც KA Group-ის დამფუძნებელი განმარტავს, სასტუმროებისთვის ყველაზე სტაბილური დასაყრდენი ჩინური და ევროპული ბაზრებია, რადგან ისინი ჯავშნების 90-95%-ს წლის დასაწყისშივე აკეთებენ. რაც შეეხება ირანისა და ისრაელის ბაზრებს, მათი წილი მარტიდან ეტაპობრივად ივსებოდა, რამაც წელს სექტორს გეგმები მნიშვნელოვნად შეუცვალა.
„ჩვენი სტრატეგია ახლა ის ქვეყნებია, რომლებიც მსგავს რყევებზე ადვილად მოწყვლადები არ არიან“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე და იმედოვნებს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება.
Top 15 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა




























