მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის განვითარება კი არა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ეკონომიკურ კოლაფსს, შიმშილს, გაჭირვებას ნიშნავს - მაია სიდამონიძე

მაია სიდამონიძე

საქართველოს ტურიზმის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია სიდამონიძის განცხადებით, ქვეყანა რომელიც იზოლაციაში ექცევა და ბელარუსიზაციის მართვის მოდელს იღებს, იქ არც ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, არც საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლასა და მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაციაზეა. ამის შესახებ მან გაერთიანების მიერ გამართული საპროტესტო აქციაზე BM.GE-ის განუცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ეკონომიკურ კოლაფსს, შიმშილობას, გაჭირვებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და გამოხატვის თავისუფლების დაკარგვას გულისხმობს.

„ქვეყანა რომელიც იზოლაციაში ექცევა, ხდება ბელორუსიზაციის მართვის მოდელის და ავტოკრატიული, რა თქმა უნდა იქ არც ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, არც საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლაზე და არც მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაციაზე. მაქსიმუმ რუსეთის ბაზარზე ვიყოთ ისევ დამოკიდებული, მაგრამ ისინიც ალბათ აქ აღარ ჩამოვლენ. ძალიან ბევრი რუსი აქ ჩამოდიოდა იმიტომ, რომ რუსეთის და პუტინის რეჟიმს გაექცა, რომელიც ახლა აქ მყარდება. ალბათ უმრავლესობას გაქცევა მოუწევს აქედანაც, რა თქმა უნდა ვინც აგენტად არ არის აქ ჩამოსული. ამიტომ საერთოდ სფეროს განვითარება კი არა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ეკონომიკურ კოლაფსს, შიმშილობას, გაჭირვებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და რეალურად რაც ჩემთვის და უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს. თუ რამე გაგვიჭირდება და რამე პრობლემა გვექნება, ამის გამოხატვის უფლებაც აღარ გვექნება. შესაბამისად, ნახევარზე მეტი ალბათ თავს რომ ვუშველოთ, გასაქცევი ვიქნებით. ჩვენ არ გვინდა აქედან გაქცევა და ვართ მზად, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ.

[ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები] პირველ რიგში, არა მარტო ჯავშნების გაუქმებასა და ბიზნესის დაკარგვით, არამედ აისახება ქვეყნის რეპუტაციაზეც. იმიტომ, რომ აქ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი დასავლეთის ქვეყნებიდან აღარ ჩამოვა, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას სტრატეგიაშიც კი უწერია, რომ ეს არის მიზნობრივი. რა ვიცი, ალბათ სტრატეგიაც შესაცვლელი აქვთ. იმიტომ, რომ ეს იქნება შეუძლებელი. პირდაპირი ავიახაზები და ფრენები, რომელიც დაანონსდა, რომელიც ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ვინ იფრენს. ჩვენ იმის წინაშეც ვართ, რომ უვიზო მიმოსვლაც შეჩერდეს. ანუ ვერც ქართველი ვერ იფრენს და ვერც ვერავინ, დასავლეთის ქვეყნებიდან. მაშინ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ რა ქვეყანა ვართ და როგორი ტურიზმის განვითარება გვინდა“, -ამბობს სიდამონიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი დასავლეთიდან აღარ ჩამოვა? საქართველოს ტურიზმის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო წლებში მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები აღარც ჩამოდიან, თუ არ ჩავთვლით კონკრეტული, კორპორაციული საქმისთვის ჩამოსულ სტუმრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები