მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრია პოსტფაქტუმ რეაგირებს, პრევენცია, ჯერჯერობით, ვერ ვისწავლეთ - ნატალია ბახტაძე ე.წ. რუსულ კანონზე

ეკოტურიზმის ასოციაცია

რუსული კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში ევროპელი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ. ამის შესახებ „საქმის კურსში“ სტუმრობისას საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა. კითხვაზე, კანონის მიღებით მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით უნდა ისმოდეს თუ არა ხმამაღლა ტურიზმის ინდუსტრიის ხმა, ნატალია ბახტაძე პასუხობს, რომ სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორი საფრთხეებზე პოსტფაქტუმ რეაგირებს. კანონი კი, რომლის მიღებას საქართველოს მთავრობა აპირებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის სტრატეგიას, რაც მათ შორის, მაღალმხარჯველუნარიანი ევროპელი ტურისტების მოზიდვას ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მერე იღებს ხმას, როცა ფაქტი დგება - პოსტ ფაქტუმ. პრევენციული მიდგომა, ჯერჯერობით, ვერ ვისწავლეთ, თუმცა არსებული მოცემულობა არის ერთი. მე მინდა ტურიზმის სექტორს გავახსენო ერთი კონკრეტული მაგალითი, მაშინ როცა გერმანიამ ამოგვიღო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან, როგორი ტიპის ნაკადი წამოვიდა გერმანიიდან საქართველოში. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მოგზაურობა არ არის რეკომენდებული სახელმწიფოს მიერ და ის ადამიანი მაინც გადაწყვეტს იმოგზაუროს საქართველოში, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფომ გააფრთხილა... ბუნებრივია ის, რაც ჩვენ გვიწერია ტურიზმის სტრატეგიაში, გვინდოდა მაღალმხარჯველუნარიანი, ევროპელი ტურისტი, ფაქტობრივად ჩვენი სტრატეგიის წინააღმდეგ მივდივართ.

მეორე, ყველა ვიზიტორს აქვს თავისი პროფილი, ჩვენი ძირითადი ტურისტული შეთავაზება აწყობილია ევროპელ ვიზიტორზე, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთი სურვილი გვქონდა. უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება, მე რაც მითხრეს დაიწყო, კონკრეტულად სტატისტიკა არ გამოგვითხოვია, მაგრამ გამოვითხოვთ ამასაც. მე მგონია, რომ ეს თვისობრივად შეცვლის ტურიზმის მდგომარეობას, ყოველ შემთხვევაში ხარისხიანი ტურისტული მომსახურების რეალიზაციის შესაძლებლობას საქართველოში“, - განაცხადა ნატალია ბახტაძემ.

ის იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც ტურიზმის სექტორს ე.წ რუსული კანონის მიღება შეუქმნის.

„ნებისმიერი ახალი პროექტი რომ მიიღო, თუ ხარ უკვე რეგისტრირებული რეესტრში, სადაც შენი საკუთარი ქვეყანა გაღიარებს, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას... ნებისმიერ გრანტში, რაშიც მიგვიღია მონაწილეობა, პირველ რიგში წერია ვის არ შეუძლია გრანტზე წარადგინოს განაცხადი. ესაა რელიგიური დაჯგუფება, პოლიტიკური ორგანიზაციები, ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ და არ არიან დარგობრივი ასოციაციები. ჩვენ ვეღარ მივიღებთ ვერანაირ მონაწილეობას ვერცერთ ახალ წამოწყებაში, რადგან ფორმატი არ მოგვცემს ამის საშუალებას“, - აცხადებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები