მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოში არის პოზიციები, რომლებზეც უცხოეთის მოქალაქეთა დასაქმება ბიზნესისთვის აუცილებელია - ამის შესახებ KMS Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა "ოცნების" პარლამენტის მიერ "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების შეფასებისას ისაუბრა.
"როდესაც ასეთი კანონის ფორსირება ხდება, აუცილებლად უნდა გადავხედოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ტურიზმის მიმართულებით, გვაქვს პოზიციები, სადაც უცხოელების დასაქმება თითქმის გარდაუვალია; მაგალითად, ტექნიკურ პოზიციებზე. ნომრების მართვის სისტემა მოიცავს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს და დანადგარებს, რომლებთანაც ადგილობრივ ბაზარზე მომზადებული კადრები არც რაოდენობრივად გვყოფნის და არც მათი მომზადების დონეა საკმარისი. საუბარია ისეთ ძვირად ღირებულ დანადგარებზე, რომლებთანაც პატარა შეცდომის დაშვებამაც შესაძლოა მილიონამდე ზარალზე გაიყვანოს ინვესტორი. თუკი ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ გვინდა გარკვეულ პროფესიებზე უცხოელი კადრების მოზიდვა, მაშინ მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა გვიმზადებდეს ისეთ კადრებს, რომლებითაც მათი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე ეს სიტუაცია არ გვაქვს", - აღნიშნა მაია წერეთელმა.
მისი თქმით, შრომითი მიგრაციის რეგულირება აუცილებელია, თუმცა ეს ცვლილებები კერძო სექტორთან კოორდინაციით უნდა გატარდეს, რაც, მაია წერეთლის განცხადებით, ამ დრომდე არ მომხდარა.
"მიგრაცია ის საკითხია, რომელსაც ცხადია, რეგულირება სჭირდება, თუმცა, ბიზნესთან საკმაოდ აქტიური კონსულტაციები უნდა გაიმართოს, როგორ განხორციელდება სინამდვილეში ამ კანონის აღსრულება, რადგან არსებობს გარკვეული პოზიციები საქართველოში, რომლისთვისაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უცხოელების მოწვევა, ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად - ხომ არ შეაფერხებს ეს კანონი ასეთი ტიპის დასაქმებას?! საკმაოდ ახლოს უნდა ვიყოთ ჩართული ამ განხილვებში, ლეგალურ დასაქმებას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ასეთ პოზიციებზე შეფერხებები არ გვქონდეს.
გარკვეული ცვლილებები საჭიროა, უბრალოდ ბიზნესის აქტიური ჩართულობით შეგვიძლია, ბევრად უფრო კეთილსაიმედო გამოსავალი მოვძებნოთ, ვიდრე რაღაც შეფერხებები გვქონდეს. მით უმეტეს მაღალ სეზონზე, თუნდაც არა მაღალკვალიფიციური პროფესიებისთვის, ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი კადრი საჭიროება გვიდგას, რომლებსაც ვერ ვპოულობთ. თითოეულ რეგიონში უნდა გვქონდეს პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც პასუხობს რეგიონის დასაქმების პროფილს, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს", - განაცხადა მაია წერეთელმა.
"ქართული ოცნების" პარლამენტმა "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა - უცხოელებმა სპეციალური სამუშაო უფლება უნდა მოიპოვონ. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.




























