მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მხარდასაჭერად, შესაძლოა, მთავრობამ საერთაშორისო ფრენები დაასუბსიდიროს

639856074a5e2
ელენე გოგბერაშვილი
13.12.22 14:45
805
შიდა ფრენების შემდეგ, შესაძლოა მთავრობამ ახალი საერთაშორისო ფრენები დაასუბსიდიროს. ამის შესახებ bm.ge-სთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. ის არ გამორიცხავს ამ მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტში მთავრობას შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა დასჭირდეს.

“ტურიზმის მხარდაჭერის კუთხით არის გარკვეული ღონისძიებები გასატარებელი, მათ შორის ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები რამდენიმე ქვეყანასთან. ახალი ფრენები ყოველთვის მოითხოვს საჭიროებას გარკვეული სუბსიდირება მოხდეს. არ არის გადაწყვეტილი რომელიმე მიმართულება, თუმცა ზოგადად ტურიზმის მხარდაჭერის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამ მხრივ შეიძლება დაგვჭირდეს ფიქრი მომდევნო წლების განმავლობაში.

ახლანდელ ბიუჯეტში დამატებით ფრენების სუბსიდირებისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული, რა ფრენებიც გვაქვს ჯერჯერობით იმის ფარგლებშია, თუ რაიმე ახალი მიმართულება იქნება, ამ შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ მომდევნო წლის ბიუჯეტიდან და არა 2023 წლისთვის“, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადების შემდეგ bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილთან შეეცადა დაეზუსტებინა, რამდენად დგას დღის წესრიგში ახალი საერთაშორისო ფრენების სუბსიდირების საკითხი და რა კონკრეტული მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებული ავიაკომპანიების მხარდასაჭერად სამომავლოდ. ქვრივიშვილი მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა.

„სუბსიდირება ასე არ განიხილება ერთი ჭრილით, ეს ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ტენდერს. ქვეყანამ უნდა შექმნას საერთო ბაზა იმისთვის, რომ თუკი რაიმე მიმართულება... მაგალითად ეს შეიძლება იყოს სოციალური ან პოლიტიკური ან ეკონომიკური მნიშვნელობის და არსებობს ასეთი ჩანაწერი საერთაშორისო ავიაციის ნორმებში, მაშინ შესაბამისი გზა უნდა აირჩიოს ყველა ქვეყანამ იმისთვის, რომ სწორი ფორმით მოახდინოს კონკრეტული ავიამიმართულების მხარდაჭერა“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მსგავსი "წახალისების" ფორმას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და კერძო კომპანიებს ფრენების განხორციელებისთვის თანხას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავენ.

მსგავს პრაქტიკას იყენებს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც“. კერძოდ, საქართველოში ახალი ოპერატორების შემოყვანის მხარდაჭერის მიზნით, გაერთიანება მათ სპეციალურ “მარკეტინგულ დაფინანსებას” აძლევს. პანდემიამდე ამ დაფინანსების ბენეფიციარები ისეთი დაბალბიუჯეტიანი გადამყვანები იყვნენ, როგორიცაა Wizz Air-ი, Ryanair-ი და სხვა ავიაკომპანიები.

2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს, ჯამში 15,004,000 ლარი ჩაურიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 3.9 მილიონით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები