მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის რეფორმამ თავისი შინაარსით დასახულ ამოცანებს ვერ უპასუხა" - თამუნა თანდაშვილი

თანდაშვილი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებლის შეფასებით, ტურიზმის სფეროში რეფორმის მიზანი ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაცია უნდა ყოფილიყო.

თამუნა თანდაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, კანონში შესული ცვლილებები აღარ ემსახურება ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესებას და ახალი ატრაქციების შექმნას.

იგი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო გამხდარიყო ეფექტური მარეგულირებელი ორგანო და რეფორმა ძირითადად "გადავადებებით" შემოიფარგლება.

ამით თანდაშვილი “ტურიზმის შესახებ” კანონში მორიგ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც დარგში არსებული რეგულაციებისა და საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას ითვალისწინებს. ცვლილებები ახლებურად არეგულირებს როგორც ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაციის, ისე ტუროპერატორებისთვის ფინანსური გარანტიების მოთხოვნისა და მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობისათვის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხებს.

„ზოგადად ტურიზმის რეფორმის მთელი არსი და კანონმდებლობაზე მუშაობის არსი იყო კერძო სექტორის საქმიანობის გაუმჯობესება, ბერკეტების შექმნა, რადგან როდესაც დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიხარ, ჩამკეტი რეგულაციები გჭირდება, როდესაც გინდა, რომ მასშტაბურ ქვეყნებზე იმუშაო, მოიზიდო ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც არის ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ., რაზედაც სწორებაც ბოლო წლებში ვნახეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ევროპულ რეგულაციებზე, რასაც აპრიორში მიზნად ისახავდა რეფორმა - რეგულაციების სინქრონიზაცია ევროპულ რეგულაციებთან.

ვინაიდან პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც კანონში შედის, არ ჩანს, რომ ემსახურებოდეს ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესებას, ემსახურებოდეს ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნას, რეგულაციების შემოღებას, რომელიც სინქრონიზირებული იქნება ევროპული ბაზრების მოსაზიდად.

როდესაც ვსაუბრობთ გიდების რეგულაციებზე, მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, ამ შინაარსს ეს ცვლილებები არ ატარებს.

პროფესიონალები დამეთანხმებიან, ჩვენ წლების განმავლობაში ვიმუშავეთ კერძო სექტორის ჭრილში ყველა ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთან... რეგიონებში ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ უამრავი სასტუმრო იხსნება და იხურება, რეგულაციები, გადასახადები არ არის სინქრონიზირებული მოცემულობასთან.

მაგალითად, "გესთჰაუსები" (საოჯახო სასტუმროები), სადაც ადამიანები სეზონის განმავლობაში ცხოვრობენ, შემდეგ უკვე ტურისტული სეზონზე როგორც ტურისტული საქმიანობისთვის არსებულ ობიექტს ასე იყენებენ და გადასახადები უნდა გადაიხადონ როგორც იურიდიულმა პირმა თუ როგორც ფიზიკურმა პირმა?! დაპირება იყო სხვაგვარი. რეფორმა, რომელიც არ განხორციელდა, მიზნად ისახავდა პირველ რიგში ინსტიტუციონალურ მოწესრიგებას და ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა მარეგულირებელი ორგანიზაცია. ძირითადად გადადებებს და გადავადებებს ვხედავთ, ფაქტები ასეთია ყოველ შემთხვევაში და პროფესიონალები ვარაუდობენ, რომ რეფორმამ თავისი შინაარსით ვერ უპასუხა და არ უპასუხა დასახულ ამოცანებს”,- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.

პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებების პროექტით, ტურიზმის დარგში არსებული რეგულაციებისა და საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდება. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “ქართული ოცნების” სამი დეპუტატის ავტორობით მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია სრულად უქმდება და იგი ნებაყოფლობითი ხდება ამის ნაცვლად კი, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები და გიდები სავალდებულო რეგისტრაციას ერთწლიანი შეღავათის შემდეგ უშუალოდ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში 2027 წლის 1 ივნისიდან დაექვემდებარებიან.

სიახლეა ისიც, რომ 3 წლით, 2030 წლის 1 ივნისამდე გადავადა ფინანსური გარანტიების წარდგენის ვალდებულება შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევების დაზღვევისთვის როგორც ტუროპერატორებისთვის, ისე კომბინირებული ტურისტული სერვისების მიმწოდებელი სუბიექტებისთვის.

ტურიზმის კანონში ცვლილებათა ახალი პაკეტის მიხედვით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები 2026 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. კერძო სადაზღვევო სექტორთან და სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან კონსულტაციების საფუძველზე, იცვლება სავალდებულო დაზღვევის მოდელი. თუ ძველი ვერსიით, ყველა მიმწოდებელს მოეთხოვებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, ახალი პროექტით მთავრობის დადგენილებით დიფერენცირებულად განისაზღვრება, თუ რომელ სუბიექტს დასჭირდება მხოლოდ პროფესიული, მხოლოდ სამოქალაქო, თუ ორივე სახის დაზღვევა ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები