ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგში კადრების დეფიციტი კვლავ ნარჩუნდება და ამ მიმართულებით გამოწვევა ვერც ხელფასების ზრდამ გადაჭრა.
როგორც ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი BMG-სთან აცხადებს, პროფესიონალი კადრების დეფიციტი სულ უფრო ღრმავდება და ამ პრობლემის გადაჭრას ბიზნესი როგორც ხელფასების ზრდით, ასევე დასაქმებულების ტრენინგებით ცდილობს.
მისი თქმით, ტურიზმის დარგში კადრების დეფიციტი ყველა პოზიციაზე ნარჩუნდება.
„კადრების დეფიციტის პრობლემა ყოველ წელს უფრო და უფრო აქტიური ხდება და სულ უფრო ღრმავდება ეს კრიზისი. კადრების ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები გაცილებით უკეთესი აქვთ პროფესიონალ კადრებს, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი ნამდვილად შეიმჩნევა.
ხელფასები ისეთ კადრებსაც მოვუმატეთ, რომლებიც შორს არიან პროფესიონალიზმისგან, ჩვენ გვირჩევნია გადავამზადოთ და შევინარჩუნოთ სტაბილურად კადრები. ამიტომ ხელფასებიც გავზარდეთ და უფრო მეტი ინტენსივობით ჩავერთეთ გადამზადების პროცესში. ეს გზა ვიპოვეთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად დეფიციტი ასეთი მკვეთრად საგრძნობი არ იყო, თორემ ეს პრობლემა ისევ ნარჩუნდება
სტუმართმასპინძლობის სექტორში დეფიციტი ყველა პოზიციაზე ნარჩუნდება. ტურისტულ კომპანიებში ისეთ პოზიციებზეა განსაკუთრებული დეფიციტი როგორიცაა ტუროპერატორი, რეზერვაციების მენეჯერი. სასტუმროს ნაწილში ადმინისტრატორების, მზარეულის, დიასახლისების დეფიციტია. იქ, სადაც 10 კადრი უნდა მუშაობდეს, 6-7 კადრი მუშაობს. იძულებულები ვართ აუთსორსზე მოვიყვანოთ კადრები, რაც უფრო გვიძვირებს მომსახურებას“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.