მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტურიზმში გაორმაგებულ რიცხვებს ვისურვებდი" - ნუცა აბრამიშვილი

ნუცა აბრამიშვილი

„შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმში გაორმაგებულ რიცხვებს ისურვებდა. ის ამბობს, რომ 2025 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი, ტურიზმის დარგის განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

2025 წელს საქართველოში 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი შესრულდა, რაც 8.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 6%-ით 4.7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

BM.GE-სთან ტურიზმის წლიური მაჩვენებლების შეფასებისას კახეთში მოქმედი სასტუმრო კომპლექსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უცხოელი ტურისტების მოზიდვაზე თავისი ხედვა მათ შორის ბიზნესსაც უნდა ჰქონდეს. ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმრო Schuchmann Wines Chateau Villa & SPA-მ ამ მიმართულებით მუშაობა 2-3 წლის წინ დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის და ტურიზმის მასშტაბიდან გამომდინარე, პოტენციალი არც თუ ისეთი დიდია, ანუ ჩვენი რესურსი ლიმიტირებულია, [ტურისტული ვიზიტების] ეს რიცხვი საკმარისი არ არის. ამის გაორმაგებულ რიცხვებს ვისურვებდი. პანდემიამდე ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი უკეთესი იყო. აქედან გამომდინარე, მაშინ ჩვენი შემოსავლები და შემდგომ უკვე კეთილდღეობა საკმაოდ დადებითი იყო. ჩვენი მინიმუმი 9-10 მილიონი ტურისტული ვიზიტია. ამიტომ გაორმაგებული რაოდენობა ის სასურველი შედეგია, რასაც არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ რეგიონალურად და ქალაქების ჭრილში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები, შესაბამისად განვითარება და სხვა ახალი ტურისტული სეგმენტების განვითარება მოსდევს. აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, შესაძლოა, [ტურიზმის დარგის წარმომადგენლებში] ის კმაყოფილება არ იყოს, რადგან ბიზნესს სხვადასხვა მიმართულების განვითარებისთვის საკმარისი თანხები არ ჰქონდეს.

შეიძლება ეს გაორმაგება ამბიციური სურვილია, მაგრამ ამისათვის, ბიზნესს ძალიან მკაფიო მიმართულებები უნდა ჰქონდეს, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას, რაც Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს ჰოსპიტალიტის მიმართულების ჭრილში განსაზღვრული აქვს. განვითარების მიმართულებით მუშაობა ჩვენ 2-3 წლის წინ დავიწყეთ და ერთ-ერთი ნაბიჯი, ეს არის კოლაბორაცია საერთაშორისო მხარესთან, რომელსაც შეუძლია ჩაგვიბას და გაგვაქანოს. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება აჩქარება. ამის გარეშე მდგომარეობას ჩვენ ვერ შევცვლით. იმისთვის, რომ ჩვენი შემოსავლები გაიზარდოს, რაღაცა სხვანაირი, ცოტა დიდი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

კითხვაზე - ჰყოფნის თუ არა დღეს ბიზნესს შემოსავლები განვითარებისთვის, „შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აცხადებს: „სავარაუდოდ, არა“. თუმცა კონკრეტულ პასუხს არ სცემს ამ კითხვას და ამბობს, რომ ბიზნესს კრიზისული ვითარების დაძლევა უნდა შეეძლოს.

„ყველა ბიზნესი მის წილ პასუხისმგებლობას უნდა იაზრებდეს, როგორც თანამშრომლების, საბანკო ან პარტნიორებთან ვალდებულების კუთხით, რომ აუცილებელია ამა თუ იმ განვითარების გეგმის განხორციელება. თუმცა ჩვენ გვქონდა კრიზისული პერიოდები ახლო წარსულში. ეს იყო გამოწვეული პანდემიის შემდგომი შოკებით, რომელიც გაგრძელდა, შემდგომ გვქონდა ეს რეგიონალური, ასე ვთქვათ, ომის შედეგად გამოწვეული კრიზისები და ახლა ჩვენ ვიმყოფებით გლობალურ ტურბულენტურ ფაზაში, რაც ტურისტების და პოტენციური ტურისტების მიერ ხარჯებისგან თავშეკავებულობას, ოპტიმიზაციას ნიშნავს.

ყველა გამოწვევების მიმართ, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი, ადგილობრივი თუ გლობალური, ტურიზმი ყველაზე სენსიტიურია. აქედან გამომდინარე, კომპანიებში განვითარება, სტაბილურობა და მისი შენარჩუნება გამოწვევაა, რასაც სხვადასხვა სახის ღონისძიებებით და ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ“, - განმარტავს ის.

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს ხელმძღვანელი, კახეთში სასტუმროების დახურვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სტუმარმასპინძლობის ბიზნესში რისკებს იდენტიფიცირება და მართვა მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ სასტუმრო სექტორში კონკურენცია ძალიან კარგია. მე ძალიან მიყვარს კონკურენტუნარიანი გარემო, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მარკეტინგული უპირატესობის, როგორც აღმოჩენის, ასევე დროში წარმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს სერიოზული ბიზნეს პროცესია. ის, რომ სასტუმროების მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, ეს უკვე სხვადასხვა სისუსტის ბრალია, რომელიც გლობალური და სხვადასხვა რყევების შედეგადაა მიღებული, მაგრამ სისუსტეები, რომელიც იგივე შიდა ორგანიზაციულია, ეს უკვე ადგილობრივად სამართავია და ეს ერთ მშვენიერ დღეს არ წყდება. გარკვეული დროით ადრე - ჩვენ სწორედ უნდა შევაფასოთ, დავინახოთ რისკები და შევძლოთ მისი მართვა“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები