მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმში, ჯერჯერობით, მკვეთრი ვარდნა არ არის, თუმცა შენელება გვაქვს - ოთარ ნადარაია

ოთარ ნადარაია

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას შეფასებით, ტურიზმის სექტორში, რომელმაც ზამთრის პერიოდში პიკურ მაჩვენებლებს მიაღწია, ამჟამად შენელება შეინიშნება. BMG tv-ის გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას მან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა.

ოთარ ნადარაიას თქმითვე, კლება განსაკუთრებით ბათუმის მიმართულებით შესამჩნევია.

„ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი შენელება შეინიშნება. ჯერჯერობით, არ ვგულისხმობ კონკრეტულ სასტუმროებს, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულნი ამ რეგიონზე. მთლიანობაში, ეს ჯერ კიდევ არ არის მკვეთრი ვარდნა, თუმცა ტემპის კლება აშკარაა.

თუ ციფრებს შევხედავთ, ნოემბერ-დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში ფრენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, რასაც ბიზნესიც გრძნობდა. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის აეროპორტის მაჩვენებლები დაახლოებით 2025 წლის დონეს დაუბრუნდა წლიურ ჭრილში მონაცემები იგივეა ან ოდნავ ნაკლები. უფრო მეტი ვარდნაა ბათუმის მიმართულებით, მსგავსი ტენდენციაა ქუთაისშიც. მაკროდონეზე მკვეთრი ვარდნა არ გვაქვს, თუმცა სექტორში ზრდის ტემპი აღარ ფიქსირდება.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სენტიმენტები და ე.წ კონვერტაციები. ამ სამწუხარო მოვლენებს სავალუტო ბაზარი ჭარბი მიწოდებით შეხვდა, რადგან მანამდე ეროვნული ბანკი რეკორდულ ინტერვენციებს ახორციელებდა და ვალუტას ყიდულობდა. მაგალითად, თებერვალში სებ-მა 400 მილიონ დოლარზე მეტი შეიძინა. მარტში სურათი შეიცვალა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მნიშვნელოვან გაყიდვებს ადგილი არ ჰქონია (ზუსტი სტატისტიკა აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება).

თავიდან დაფიქსირდა ე.წ. „გადახურვების ტალღა“, რაც ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იყო. გაუფასურების მოლოდინის გამო, ლარის დეპოზიტები ვალუტაში გადავიდა, ნაწილი სესხებისა კი ლარში. ამ ტალღამ უკვე გადაიარა და ვითარება დასტაბილურდა. სავალუტო ბაზარი დაბალანსებულია არც სიჭარბეა და არც დეფიციტი.

ჩვენი 2 მარტის შეფასებით, არსებული შოკი ლარზე, ჯერჯერობით, ნეიტრალურად აისახება, რაც დოლარისა და ევროს კურსებზეც ჩანს. თუმცა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპზე ეს მოვლენები ნეგატიურ გავლენას მოახდენს. საბოლოო ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი", - განაცხადა ნადარაიამ "საქმიან დილაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები