მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმში კრიზისი ახლა იწყება“ - გურამ ბაღდოშვილის მოლოდინი

შეფმზარეული

საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე და თბილისსა და ბათუმში ოთხი რესტორნის მფლობელი გურამ ბაღდოშვილი ფიქრობს, რომ “საქართველოს ტურიზმში კრიზისი ახლა იწყება“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

შეფმზარეული ფიქრობს, რომ 2021-2022 წლებში ტურისტების გაზრდილი ნაკადი ჯერ - პანდემიის შემდეგ საზღვრების გახსნით, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლით იყო განპირობებული.

- 2021 წელს, როდესაც პანდემია ოდნავ „მოთვინიერდა“, ყველა ვხედავდით, როგორ გაიზარდა ტურისტების ნაკადი როგორც ახლო მეზობლებიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან... ისინი ხარჯავდნენ ძალიან დიდ თანხებს, რაც პანდემიის დროს დაზოგეს. ასევე, უცხოელები ჩამოდიოდნენ და საქართველოდან მუშაობდნენ - ეს ხალხი მხოლოდ თბილისში კი არა, ქუთაისში, ბათუმში, თელავში ცხოვრობდა და იქ ხარჯავდა ფულს, რაც ეტყობოდა სარესტორნო ბიზნესსაც. 2022 წელს კი, მიგრანტებიც ჩამოვიდნენ... მაგრამ საქართველო გაძვირდა. აქ ცხოვრება დღეს უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში - ვგულისხმობ კვების ხარჯებს, კომუნალურ გადასახადებს და ა.შ.

- მიგრანტების გარკვეულ ნაწილი, ასევე ისინი, ვინც საქართველოში სამუშაოდ ჩამოდიოდნენ, ყველა ტურისტად ვერ ჩაითვლება...

- ჩემთვის ნებისმიერი უცხოელი ტურისტია, სულ რომ აქ ცხოვრობდეს...

- და რადგან ეს ნაკადი ტოვებს საქართველოს, ამიტომ ელოდებით, რომ კრიზისი დაიწყება?

- დიახ, დაიწყება კრიზისი... დაინახავთ როგორ დაიწყება. მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი მოლოდინი არ გამართლდება და შეცდომას დავუშვებ, რადგან ძალიან დამოკიდებული ვარ ტურიზმზე და ქვეყნის შიდა ეკონომიკაზე როგორც ამ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი რესტორნების დამფუძნებელი და შეფმზარეული.

გურამ ბაღდოშვილი თბილისის რესტორნებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შარშან, ოქტომბერ-ნოემბერსა და შუა დეკემბრამდე ჰორეკა სექტორში ჩავარდნა იყო.

„არაფერს ვამბობ პატარა ქალაქებში არსებულ სიტუაციაზე.... უცებ ქართველი მომხმარებელიც კი დააკლდა რესტორანს, არათუ რუსეთიდან, ბელარუსიდან ან სომხეთიდან შემოსული ტურისტები; აზერბაიჯანს კი, მოგეხსენებათ, ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი, რაც ჩვენ ტურიზმს ვნებს.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურიზმის 2023 წლის შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები