“ტურიზმში მთავარი რგოლი არის გიდი”, - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე გიორგიძე საუბრობს და აღნინავს, რომ გიდზეა დამოკიდებული, როგორ გაიცნობს ტურისტი ქვეყანას.
“ძალიან მნიშვნელოვანია ტუროპერატორი, მძღოლი, ყველას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ გიდია ის ადამიანი, ვისაც უშუალო შეხება აქვს სტუმართან, სწორედ მისი გავლით გრძნობს ტურისტი ქვეყანას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან კარგად იცოდეს ქვეყნის ისტორია, ქვეყნის პულსზე უნდა ეჭიროს ხელი. ძალიან საინტერესო პორფესიაა, შენ ხარ შენი ქვეყნის ელჩი და უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს.
კარგი გიდი, ჩემი აზრით, იზომება იმით, რაც უფრო მეტი ტურისტი უბრუნდება მას, და რაც უფრო მეტი სტუმარი მოდის ძველი სტუმრების რეკომენდაციით. ხშირად გამიგია, რომ მარტივი საქმეა და “მაგას რა უნდა”, სინამდვილეში ასე არ არის. გიდობა არის ულიმიტო სამუშაო დღე, ეს არ არის 8 საათიანი მუშაობა. მქონია შემთხვევა, რომ 2 კვირა სახლშიც არ მივსულვარ. რომ დავთვალოთ, წელიწადში, საშუალოდ, 4-5 თვე - სახლში არ ხარ”, - განმარტავს ალექსანდრე გიორგიძე.
ტურისტული კომპანიის დამფუძნებელს გიდების ანაზღაურებაზეც ვკითხეთ. მისი განმარტებით, ანაზღაურება გიდის გამოცდილებსა და სეზონურობაზეა დამოკიდებული.
“დამწყები გიდებისთვის საშუალო ანაზღაურება დღეში 100-120 ლარია, შედარებით გამოცდილებისთვის კი, საშუალოდ, 150-200 ლარი. არის თვეები, როდესაც თითქმის ყოველ დღე მუშაობ და საკმაოდ კარგად გამოიმუშავებ. შესაბამისად, ფინანსურადაც საინტერესო პროფესიაა, თუმცა - არასტაბილური. თუ შენ ისე არ გაქვს აწყობილი საქმე, რომ ნოემბერ-თებერვლაშიც იმუშავო, რომელიც ყველაზე დაბალი სეზონია, შეიძლება ივლისში 5-6 000 გამოიმუშაო, ან მეტიც, შემდეგ კი, ნოემბერში საერთოდ ვერ იმუშაო. ამიტომ თვითონ გიდზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ყიდის თავის თავს”, - განმარტავს ალექსანდრე გიორგიძე.
მისივე თქმით, ანაზღაურებას განსაზღვრავს ე.წ. “თიფების” კულტურაც, რადგან ევროპელი და აზიელი ტურისტები ხშირად, ხელფასთან ერთად, დამატებით გასამრჯელოსაც გასცემენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ტურისტებისგან კი მსგავსი შემთხვევები ნაკლებადაა.