მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა “გარდაბანი 3”-ის ახალი თბოსადგურის მშენებლობას აანონსებს

61bb57a39277f
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.21 19:13
860
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაანონსა. ამ პროექტის გარდა თურნავამ თქვა, რომ ქვეყანაში “მწვანე წყალბადის” ტექნოლოგიის განვითარებაც განიხილება.

„ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თბოსადგური, რომელზეც თურნავამ გააკეთა განცხადება “გარდაბანი 3”-ის თბოსადგურია და მისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტედენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. შესაბამისი გადაწყვეტილება “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2020 წლის ნოემბერში მიიღო. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯი” თბოსადგურის პროექტს აღარ ააშენებდა. ახალი კონტრაქტორი კი ამ დრომდე არაა გამოვლენილი.

“წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო CALIK ENERJI A.S.-ის მიერ გარდაბანში ახალი თბოსადურის მშენებლობისთვის, უარყოფილია სატენდერო პროცესიდან,” - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. თბოსადგურის ოპერატორი “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” იქნება, პროექტის ფარგლებში ზამთარში საქართველოს ელექტრომომარაგება იმპორტირებული ბუნებრივი აირიდან მიღებული ელექტროენერგიით მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები