მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი ბირთვული იარაღის შექმნას არ გამორიცხავს - რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი?

თურქეთი ირანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში, თურქეთი შესაძლოა შეიარაღების რბოლაში ჩაერთოს

CNN-თან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს მოიპოვებს, თურქეთი შესაძლოა იძულებული გახდეს, ბირთვულ შეიარაღებაში ჩაერთოს. მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება რეგიონულ უსაფრთხოებას შეცვლის და მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლას გააჩენს.

"თუ ირანი ბირთვულ იარაღს შეიძენს, სხვებისთვის გულგრილად ყოფნა შეუძლებელი გახდება", - აღნიშნა ფიდანმა. მან დასძინა, რომ შედეგები მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება და ახლო აღმოსავლეთში ჯაჭვური რეაქციის საფრთხეზე მიუთითა.

ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგია და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონულმა რეალობამ შესაძლოა სახელმწიფოებს საკუთარი არჩევანის გადახედვისკენ უბიძგოს.

"არ შეიძლება ელოდოთ, რომ ქვეყნები უბრალოდ მაყურებლის როლში დარჩებიან," - განაცხადა მან და აღწერა სცენარი, სადაც ირანის ბირთვულმა პოტენციალმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი "რბოლა", რომლის შეჩერებაც, დაწყების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება.

ფიდანმა ასევე მიანიშნა, რომ ანკარა უპირატესობას დეესკალაციასა და დიპლომატიის განახლებას ანიჭებს, თუმცა დასძინა, რომ დიპლომატიამ კონკრეტული შედეგები უნდა გამოიღოს.

მან დაადასტურა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების პრევენცია საერთო საერთაშორისო პრიორიტეტად უნდა იქცეს და აღნიშნა, რომ როგორც კი გავრცელების პროცესი დაიწყება, "მისი შეჩერება გაცილებით რთული ხდება".

ამასთანავე, ფიდანი ამტკიცებს, რომ თეირანს ატომური ბომბების შექმნა განზრახული არ აქვს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ურანს ამდიდრებს, ძალაში რჩება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გამოცემული რელიგიური განკარგულება, იგივე ფატვა, რომელიც ბირთვულ იარაღს კრძალავს.

"სანამ ეს ფატვა ძალაშია, სისტემა ბომბს ვერ აწარმოებს. თუმცა, ის ავითარებს სცენარებს, რომლებიც იარაღის შექმნასთან ძალიან ახლოსაა, რასაც შედეგად მოჰყვება სანქციები და ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ბომბი უკვე შექმნილი ჰქონდეთ. ირანელებს ატომური ბომბები არ აქვთ. ასევე არ არსებობს მონაცემები, რომ მათ ამის გაკეთება სურთ", - აღნიშნა ფიდანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები