მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი მზად არის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლოს - ერდოღანი ზელენსკის ესაუბრა

ზელენსკი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და რუსეთის ლიდერების პოტენციური შეხვედრის შესახებ ისაუბრეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 12 აგვისტოს შედგა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი უკრაინული მხარის სურვილით შედგა, რომლის დროსაც ზელენსკიმ და ერდოღანმა უკრაინისა და თურქეთის ორმხრივ ურთიერთობაზე, ასევე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს.

ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ აღნიშნა და ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის იმედი გამოთქვა.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლოს და თვლის, რომ სამხედრო, ჰუმანიტარული და პოლიტიკური სფეროებში სამუშაო ჯგუფების შექმნამ შეიძლება ამ შეხვედრას დაუდოს საფუძველი“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში. ერდოღანმა ისიც განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ერდოღანთან საუბარი მეგობრული და შინაარსიანი იყო. მისი თქმით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის გარეშე მდგრადი მშვიდობის მომტანი არ იქნება.

„განვიხილეთ არსებული დიპლომატიური ვითარება და ის ვარიანტები, რაც ამ ეტაპზეა წარმოდგენილი. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის გარეშე მდგრად მშვიდობის მომტანი არ იქნება. ჩვენ ერთნაირად გვესმის ყველა რისკი და საფრთხე. იმიტირებული და არა ნამდვილი მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელდება და რუსეთს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობისკენ წაახალისებს.

აღვნიშნე, რომ ჩვენ მზად ვართ შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის ღვრის შეჩერებას და ომის დასრულებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მზადყოფნა მოაწყოს უკრაინის, შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების სამიტი“, - დაწერა ერდოღანთან საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

ცნობისთვის, სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების მესამე შეხვედრის შემდეგ უკრაინულმა მხარემ რუსეთს აგვისტოს ბოლომდე ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა. ამასთან, მათ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობის სურვილიც დააფიქსირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები