თურქეთი მიზნად ისახავს, სასტუმროებში, ე.წ. "შვედური მაგიდის" კვებით, ულიმიტო საკვების შეთავაზებით გამოწვეული ჭარბი ნარჩენების პრობლემა გადაჭრას.
საქმე ისაა, რომ თურქეთის სასტუმროთა ბუფეტებში კვება და ტრადიციული თურქული საუზმე Serpme-Kahvaltı მცირე ზომის ჭურჭელში რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკვები ყოველთვის სრულად არ იჭმევა და ნარჩენის სახით რჩება. ნარჩენების პრევენციის არასამთავრობო ინიციატივა TiSVA-ს გამოთვლებით, თურქეთში ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 102 კილოგრამი საჭმელი ხვდება ნაგავსაყრელზე. სოფლის მეურნეობისა და საკვები პოლიტიკის საპრეზიდენტო საბჭო კი აპირებს, მდიდრული საუზმის ამ ტრადიციას წერტილი დაუსვას.
საბჭო ამჟამად პრეზიდენტ ერდოღანისთვის წარსადგენად საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. ახალმა რეგულაციამ სამომავლოდ ტონობით საჭმლის გადაყრის პრევენცია უნდა შეძლოს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საპრეზიდენტო საბჭო მუშაობს ისეთი ინიციატივის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საკვებ ნარჩენებს შეამცირებს. თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ცვლილება მოგზაურთა გამოცდილებასაც შეცვლის.
პრობლემის გადაჭრის გზად საბჭო ე.წ. "შვედური მაგიდის" ტიპის კვების აკრძალვას გეგმავს. რეგულაციის მიღების შემთხვევაში, სამომავლოდ სასაუზმე ბუფეტის შეთავაზებები შეიზღუდება.
კერძოდ, საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ თურქეთში თვითმომსახურების პრინციპი უნდა გადაიხედოს და ამის ალტერნატივად, სტუმრებმა სასურველი საჭმელი à la carte სტილში უნდა შეუკვეთონ - ანუ მხოლოდ ის, რაც თავად სურს და რისთვისაც შესაბამისად გადაიხდიან.
ჯერ ცნობილი არ არის, რა ვადებთანაა დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივის მომზადება და მისი პრეზიდენტისთვის წარდგენა.




























