მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას "მომდევნო 6 თვის განმავლობაში" განიხილავს - Bloomberg

თურქეთი სომხეთი

თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის „მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“ გახსნას განიხილავს, - ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, სექტემბერში, საერთო საზღვარზე და შემდეგ ერევანში ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების ბოლო შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნის პროცესის დაჩქარებაზე, რომლებიც თურქეთმა 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს აზერბაიჯანის სოლიდარობის მიზნით დახურა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის წინა [2022 წლის] შეთანხმების მიუხედავად, თურქეთი კვლავაც ჩაკეტილს ინარჩუნებს სახმელეთო საზღვარს. ჯერჯერობით უცნობია, საზღვარი სრულად გაიხსნება თუ მხოლოდ ნაწილობრივ - 2022 წლის შეთანხმებების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატებს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცემოდათ. თუმცა, სახმელეთო საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, თურქეთმა, ასევე, შეიძლება სომხეთში, დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, თავისი ელჩიც დანიშნოს, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი ოფიციალურად გააფორმებენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის ხელმოწერასაც ოფიციალური ანკარა მომავალი წლის პირველ ნახევარში ვარაუდობს.

ცნობისთვის, თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური და კომერციული კავშირები 1993 წლის შემდეგ შეწყვეტილი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები