მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან მედიკამენტების "პარალელური იმპორტი" შეფერხებულია - მარგველაშვილი

იმპორტი

"თურქეთიდან მედიკამენტების ე.წ. პარალელური იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია", - ამის შესახებ "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორი აცხადებს. როგორც ირაკლი მარგველაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, თურქეთის მიერ ე.წ. პარალელური ექსპორტის აკრძალვამ, კერძო სექტორს პრობლემები შეუქმნა.

"თურქეთიდან ჩვეულებრივი იმპორტი მოდის, მაგრამ ე.წ. პარალელური იმპორტი, რომელზედაც საკმაოდ დიდი აქცენტი იყო, რომ ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა სურათს, შეფერხებულია. ამაზე ჩვენ პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ სურათს მნიშვნელოვნად არ შეცვლის. ერთეულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თურქეთიდან მედიკამენტის სწრაფმა მოწოდებამ გარკვეული სიკეთეები მოიტანა, მაგრამ ეს რეგულარული ვერ იქნება. ჩვენ მოგვაქვს ის მედიკამენტები, რომლებიც თურქეთისთვის არის განკუთვნილი. ნებისმიერ მომენტში, თურქეთის მთავრობამ თუ მიიღო გადაწყვეტილება და მიიღო კიდევაც, რომ ასეთი ტიპის ექსპორტი შეზღუდოს, ან თურქეთში დაიწყოს დევალვაცია და ა.შ., ეს ყველაფერი ჩვენზე იმოქმედებს", - ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

როგორც ასოციაციის დირექტორი აცხადებს, იმპორტიორებმა მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მომწოდებლებისგან დაიწყეს. მისი თქმით, ბაზრის ცვლილებას წამლები არ გაუძვირებია.

"კარგი ის არის, რომ ასეთი ტიპის იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. იმპორტიორები გადავიდნენ რეგულარულ მოწოდებაზე, მათ კონტაქტი აქვთ მწარმოებლებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ ვარ დამოკიდებული იმაზე, ვიშოვი თუ არა მედიკამენტს. პაციენტი არ უნდა ელოდებოდეს, ვინმე წამალს იშოვის თუ არა. ასეთმა სურათმა მედიკამენტების ფასი არ გაზარდა, რადგან მწარმოებლების ნაწილი მიხვდა, რომ ფასი უნდა დაეწია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სისტემა გვჭირდება. სხვისი დანერგილი სისტემით კი არ უნდა ვისარგებლოთ, ჩვენ უნდა დავნერგოთ. დანერგვა 1-2 წელიწადში შეუძლებელია, მას დრო სჭირდება. სადღაც იაფად ვნახეთ და წამოვიღეთ, ეს ხომ არ არის ჩვენი სისტემური ცვლილება?!", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები