მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საზღვრამდე 7.6-კილომეტრიანი გვირაბისა და გზის მშენებლობა ₾620 მლნ დაჯდება

გვირაბი

საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც 7.6 კილომეტრის სიგრძის ახალი გვირაბის მშენებლობას და მდინარე ჭოროხზე 1,471 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით შენდება და მისი დასრულება 2028 წელს იგეგმება. ახალ მაგისტრალზე მთლიანობაში 620 მილიონი ლარი ($225 მილიონი) უნდა დაიხარჯოს.

პროექტთან დაკავშირებით 25 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ნებართვა გასცა, რასაც წინ საჯარო განხილვების რამდენიმეთვიანი პროცესი უსწრებდა, რა პერიოდის განმავლობაშიც პროექტში მცირედი კორექტირებები შევიდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება 2025 წელს იგეგმება. მომდევნო წელსვე არის ნავარაუდევი სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც, რაზეც 35 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

ახალი მაგისტრალი დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ახალი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ რამდენიმე კორექტირების შემდეგ, პროექტზე საბოლოო გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.

ახალი გზის უმეტესი ნაწილი მთლიანი სიგრძის 69% გვირაბში გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს გზის სიგრძეს, რომელიც ამჟამად სანაპირო ზოლს მიუყვება და გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს.

11-კილომეტრიანი გზის პროექტი რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:

"საპროექტო გზა იწყება მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და 1471 მ სიგრძის ხიდით სოფ. თხილნარის ადმინისტრაციულ საზღვრებში კვეთს მდ. ჭოროხს. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გრძელდება დაახლოებით 7.6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გადის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე სარფის ზონამდე. ბოლო მონაკვეთზე, გვირაბის პორტალთან დაგეგმილია კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60 მ სიგრძის ხიდის მოწყობა. საპროექტო გზის მონაკვეთი დასრულდება სოფ. სარფის შესასვლელთან, სადაც დაუკავშირდება არსებულ ორზოლიან გზას,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე ატვირთულ დოკუმენტაციაში.

2024 წლის ოქტომბერში, ოთხწლიანი ვადაგადაცილებით გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზა. პროექტის ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენდა და ის ADB-ის კრედიტით დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები