მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

თურქეთის ცენტრალური ბანკი

თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ჰაფიზე გაიე ერქანმა გუშინ, გვიან ღამით თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, მიზეზი, ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ წარმოებული რეპუტაციის შემლახველი კამპანიაა. თანამდებობიდან კი, ოჯახის, მათ შორის ჩვილი შვილის დასაცავად მიდის.

როგორც ერკანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ცოტა ხნის წინ მის წინააღმდეგ ორგანიზებული იყო რეპუტაციის შელახვის მასშტაბური კამპანია. მისი თქმით, ის გადადგა, რათა ამ პროცესმა გავლენა არ იქონიოს მის ოჯახსა და, განსაკუთრებით კი, მცირეწლოვან შვილზე.

ერკანის გადადგომას წინ უძღოდა თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ცენტრალურ ბანკში მამამისი არაფორმალურ უფლებამოსილებას ფლობს. მეტიც, ერთ-ერთი თანამშრომელიც კი გაათავისუფლა. ერკანმა აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ერკანმა გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო განცხადებით, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციისა და სტამბოლის მასშტაბით რეკორდულად გაძვირებული უძრავი ქონების ფასების გამო, თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საცხოვრებლად ქალაქგარეთ, მშობლებთან გადავიდა.

Goldman Sachs-ის ყოფილი ბანკირი ჰაფიზე გაიე ერკანი, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის ივნისში დაინიშნა, თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირველი ქალი იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციასთან გამკლავების მიზნით, საპროცენტო განაკვეთი 8,5-დან 45%-მდე გაზარდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ერკანის მოადგილე ფათიჰ კარაჰანი დაასახელა. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალური ბანკის მეექვსე ხელმძღვანელი იქნება.

ცნობისთვის, ფატიჰ კარაჰანი პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორია. ის წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვში მუშაობდა. თურქეთის ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოს ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, ის Amazon-ში მთავარი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა.

უკვე ყოფილ პრეზიდენტ ერკანს კი, განათლება პრინსტონის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ის საქმიანობას ძირითადად უოლ-სტრიტზე ეწეოდა. 2014-დან 2021 წლამდე ერკანი ამერიკული First Republic Bank-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. გარდა ამისა, მას Goldman Sachs-შიც მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები