თურქეთმა ხელი მოაწერა $10.7-მილიარდიან შეთანხმებას დიდ ბრიტანეთთან, რომელიც Eurofighter Typhoon-ის ტიპის 20 ერთეული გამანადგურებლის ოფიციალური ანკარისთვის მიყიდვას მოიცავს. გარიგება NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის ბოლო პერიოდში ერთ-ერთ მასშტაბურ შეთანხმებად მიიჩნევა.
გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ გარიგებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ანკარაში მოაწერეს ხელი. არსებული ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო ფლოტს ახალი გამანადგურებლები 2030 წლიდან, ეტაპობრივად დაემატება. გარიგებაში ასევე მითითებულია, რომ განიხილება სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ხომალდის შეძენა.
დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების დადების პარალელურად თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყება Eurofighter Typhoon-ების შეძენაზე მოლაპარაკებებს კატართან და ომანთანაც აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ ანკარას ორი ქვეყნიდან ჯამურად 24 მოიერიშის ყიდვა სურს.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ თურქეთის საჰაერო სამხედრო ფლოტისთვის საკვანძო მნიშვნელობის Typhoon-ებს Eurofigher-ის კონსორციუმი დაამზადებს. საუბარია ევროპის ოთხი მსხვილი მოთამაშის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ერთობლივ კომპანიაზე, რომელიც გამანადგურებლის აგებაში თავის წილს დებს. მაგალითისთვის, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი BAE Systems-ი ხომალდების კურპუსებსა და საბოლოო აწყობაზე იქნება პასუხისმგებელი და არსებული მსხვილი გარიგებიდან ჯამურად $6.17 მილიარდს მიიღებს.
ორ ქვეყანასა და, დამატებით Eurofighter-ის კონსორციუმს შორის დადებულ გარიგებას სამხედრო ანალიტიკოსები NATO-ს ერთიანობის დემონსტრირებად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ ევროპის 4 მსხვილი მოთამაშის მიერ თურქეთისთვის ამ მასშტაბის პროექტზე მუშაობა ადასტურებს მათ ნდობას ქვეყნის მიმართ და, ამასთან, სურვილს, შეუწყონ ხელი მოკავშირის გაძლიერებას ისე, რომ შეთანხმებიდან თვითონაც მიიღონ სარგებელი.




























