თურქეთში წუხელ ღამით მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.
6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი სინდირგი, ბიძგების სიღრმე კი 5.99 კილომეტრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, სულ მცირე სამი შენობა ჩამოინგრა.
ბიძგები იგრძნობოდა რამდენიმე ახლომდებარე რეგიონში, მათ შორის სტამბოლში, ბურსაში, მანისა და იზმირში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ საათში ბიძგები თითქმის 30-ჯერ განმეორდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სინდირგიში სულ მცირე სამი ცარიელი შენობა და ორსართულიანი მაღაზია ჩამოინგრა. AP-ის ცნობით, ყველა მათგანი წინა მიწისძვრის შედეგად უკვე დაზიანებული იყო.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაშავებულთა ძირითადი ნაწილი მიწისძვრის დროს შენობიდან გადმოხტომის შედეგად დაზიანდნენ. როგორც სინდირგის რაიონის გუბერნატორმა დოგუკან კოიუნჯუმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, კვლავ მიმდინარეობს ზარალის შეფასება და დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
განმეორებითი მიწისძვრის რისკის გამო, მოსახლეობის ნაწილმა წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეჩეთები, სკოლები და სპორტული დარბაზები გახსნა მათთვის, ვისაც სახლში დაბრუნება არ სურდა.
სიდირგში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აგვისტოშიც დაფიქსირდა. მაშინ სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონას მიეკუთვნება. 2023 წლის თებერვალში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრას სამხრეთ თურქეთსა და სირიაში 59 000 ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა ასობით ათასი შენობა.




























