მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ფოლადის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაკარგულად ითვლება

თურქეთის ფოლადის ქარხანა

დასავლეთ თურქეთში, იზმირის პროვინციის ქალაქ ალიაღაში მდებარე კომპანია HABAS-ის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ ძლიერ აფეთქებასა და ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტის შედეგად კიდევ 13 პირი დაშავდა, რომელთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების განახლებული მონაცემებით, ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, მაშველებმა კი ნანგრევების ქვეშ კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილი 8 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, შემთხვევა თხევადი ფოლადის ჩამოსხმის პროცესში მოხდა, რა დროსაც ამწე ღუმელში ჩავარდა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება უკვე დაიწყო. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები ხანძრის ჩაქრობასა და დაკარგულთა ძებნაზე ერთდროულად მუშაობდნენ, ჰოსპიტალიზებული მოქალაქეები კი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

იზმირის მერმა ჯემილ თუგაიმ აღნიშნა, რომ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა მხოლოდ ნანგრევების სრულად გაწმენდის შემდეგ გახდება ცნობილი.

ადგილობრივმა ტელეკომპანია NTV-მ გაავრცელა კადრები, სადაც საწარმოს შიგნით გაჩენილი მასშტაბური ხანძარი და კვამლის მაღალი სვეტი ჩანს. სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, აფეთქების ტალღამ მიწა შეარყია.

ცნობისთვის, მეტალურგიული ქარხანა HABAS-ი 1987 წელს დაარსდა და მისი წლიური წარმადობა 4.5 მილიონ ტონა ფოლადს აღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები