თურქეთში, იზმირის პროვინციაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანა, რამდენიმე რეგიონში ხანძარს ერთ კვირაზე მეტია ებრძვის. Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლის ათეულობით კერის გაჩენაზე პასუხისმგებლობას ქურთ სამხედროებთან დაკავშირებული მცირე დაჯგუფება იღებს.
გარდაცვლილებს შორის არიან ერთი მეხანძრე-მაშველი და 81 წლის საწოლს მიჯაჭვული მამაკაცი, რომელმაც ალმოკიდებული სახლიდან გამოსვლა დამოუკიდებლად ვერ შეძლო.
ონლაინ გავრცელებული განცხადების თანახმად, თურქეთის ქალაქებში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ცეცხლის შვილები" იღებს - ნაკლებად ცნობილ ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის, აშშ-სა და თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთანაა (PKK) დაკავშირებული. თავად PKK-ს განცხადება არ გაუვრცელებია.
ერთკვირიან ხანძრებმა თურქეთის დასავლეთ ნაწილში 200-ზე მეტი სახლი დააზიანა, განხორციელდა 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, რომლებსაც დროებითი საცხოვრებელი გამოეყოთ.
მაღალი ტემპერატურის, დაბალი ტენიანობისა და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება როგორც იზმირში, ასევე ეგეოსის ზღვის კურორტების ნაწილში, მათ შორის ჩეშმეში. ხანძრის კერებს ებრძვიან ანტალიასა და სტამბოლის სიახლოვეს ტყით დაფარულ ტერიტორიაზეც. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ცეცხლის არაერთი კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.




























