მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საქართველოში პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს“ - სეისმოლოგი

63ef4e7c17c71
სალომე ხიდურელი
21.02.23 00:04
1001
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა სიძლიერის მიწისძვრაც არ უნდა მომხდარიყო რეგიონში, ეს საქართველოში პანიკის საფუძველი არ შეიძლება იყოს“, - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილი საუბრობს და განმარტავს, რომ ბოლო დროს სოციალური ქსელებით გავრცელებული პროგნოზები მიწისძვრის შესახებ, გაუმართლებელია.

„როდესაც გვეუბნებიან, რომ მოხდება მიწისძვრა კონკრეტულ დროსა და ადგილას, უნდა ვიცოდეთ, ეს სიცრუეა და ინფორმაციის გამავრცელებელი შეცდომაშია შეყვანილი. მიწისძვრის პროგნოზი, მეტეოროლოგიისგან განსხვავებით, წინასწარ არ ხდება. როდის, სად, რა მაგნიტუდის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს, ამის განსაზღვრა განსხვავებულ, გრძელვადიან პროცესებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ რხევის მაგნიტუდის პოტენციალისა და დროის ხანგრძლივ, მაგალითად 50-წლიან, პერიოდში კონკრეტულ ამ მაგნიტუდაზე გადაჭარბების პროცენტს ითვლის.

სამეზობლოში მომხდარი მიწისძვრა, რა მაგნიტუდისაც არ უნდა ყოფილიყო ის, საქართველოსგან დამოუკიდებელი პროცესია და არ ნიშნავს, რომ აქაც მოხდება. თურქეთში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამდეც და შემდეგაც, საქართველოში ხდება მიწისძვრები და ეს არ შეიძლება, პანიკის საფუძველი გახდეს“, - ამბობს ლაშა სუხიშვილი.

კითხვაზე, რამდენად არის თბილისში თანამედროვე შენობები, სეისმომედეგი განმარტავს, რომ მოძველებული რეგულაციების გამო, ხარისხიანი მშენებლობები ქალაქში მცირე რაოდენობითაა.

„მოქმედი რეგულაციით, თბილისში დეველოპერებს შენობების 0,17G პიკურ აჩქარებაზე გათვლა მოეთხოვებათ, 2019 წელს გამოქვეყნებული სეისმური რუკების მიხედვით კი, ეს პარამეტრი 0,28G-მდეა გაზრდილი. მონაცემები წლიდან წლამდე იცვლება და რეგულაციებს განახლება სჭირდება. მიუხედავად რეგულაციების მოძველებულობისა, საბედნიეროდ, თუ მშენებელს, დეველოპერს, ინვესტორს შენობის ხარისხიანად აშენება უნდა, კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს. სახელმწიფო არ კრძალავს მშენებლობებზე უფრო მკაცრი რეგულაციების გამოყენებას, რომლებიც მრავალ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს”, - განაცხადა სეისმოლოგმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში არიან ისეთი დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, იმაზე ხარისხიანად ააშენონ, ვიდრე რეგულაცია სთხოვთ, თუმცა ეს მათი მცირე ნაწილია. „ძირითადად, უმრავლესობა არა მხოლოდ მიყვება რეგულაციებს, არამედ, ხარჯების დაზოგვის მიზნით, მასაც კი არ ასრულებს სრულად“, - განმარტავს ლაშა სუხიშვილი.

გარდა ამისა, სეისმური მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი მედიასთან საუბრისას ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომ საბჭოთა კავშირში მაღალი ხარისხის მშენებლობები მიმდინარეობდა, ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრება ძველი ნაგებობების მხოლოდ მცირე ნაწილზე ვრცელდება.

„საბჭოთა კავშირში 60-70-იან წლებამდე სეისმოლოგიური მშენებლობის ცნება საერთოდ არ არსებობდა, ამ პერიოდის შენობები მიწისძვრებზე გათვლილი არ არის. მოგვიანებით გაჩნდა ურბანული ლეგენდა, რომ ძველი კორპუსები არის ძალიან ხარისხიანი. ამ ნაგებობებმა სპიტაკის მიწისძვრის დროს გამოცდა ვერ ჩააბარეს, ზუსტად შენობების ნგრევამ გამოიწვია 25 000 ადამიანის გარდაცვალება. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შენობაც 60-იან წლებში, საბჭოთა კავშირისთვის საუკეთესო პერიოდშია აშენებული, თუმცა ისიც კი დარღვევებითაა დაპროექტებული და გამოყენებულია ისეთი მასალა, რომელიც მშენებლობაში, როგორც წესი, საერთოდ არ გამოიყენება“, - ამბობს ლაშა სუხიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები