ET SYNERGY-ის დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირება პირველ რიგში, თურქეთის ბაზარზე მოთხოვნის კლებას უკავშირდება.
როგორც კომპანიის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მეზობელ ქვეყანაში გენერაციის ობიექტების განვითარების ფონზე, საქართველოდან ექსპორტი შემცირების ტენდენციით ხასიათდება.
“თავად თურქეთი ძალიან სწრაფად ავითარებს განახლებადი ელექტროენერგიის მიმართულებით გენერაციის ობიექტებს და მხოლოდ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 39%-ით გაზარდა მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე.
ამასთან ერთად უნდა განვიხილოთ აუცილებლად თურქეთში ქვეყნის შიგნით მოხმარება, რომელიც აგრეთვე, მსგავსად საქართველოსი, დამოკიდებული გახლდათ მეტალურგიაზე. დაახლოებით 25% მთელი თურქეთის მოხმარებისა გახლავთ მეტალურგიული საწარმოები, რომლებსაც თავის მხრივ გააჩნიათ დარგში ერთგვარი კრიზისი უკვე რამდენიმე წელია. ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მხრიდან მოთხოვნა ქართულ ელექტროენერგიაზე შემცირებულია.
ამ პირობებში მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნის და ამ მოთხოვნის რესურსების ზრდა და მდგრადობის უზრუნველყოფა. მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ, მეზობელ სომხეთში შევიდა კომპანია NVDIA, რომელიც 500 მეგავატიან მონაცემთა ბაზის გამართვას აპირებს, საიდანაც 100 მეგავატი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაიშვება.
ასეთი პროექტების საქართველოში გაშვების შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ქვეყნის შიგნით გავზრდით მოხმარების მდგრადობას. შესაბამისად, უკვე მოხმარების ზრდასთან ერთად დასტაბილურდება შიდა ბაზარიც”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
მისი შეფასებითვე, ბოლო პერიოდში საქართველოში შედარებით ხელსაყრელი ფასები იყო, რის გამოც სავარაუდოდ, კომპანიების ნაწილმა ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა გადაწყვიტა.
“შიდა ბაზარი ძალიან საინტერესოა ბევრი გენერაციის ობიექტისთვის ფასიდან გამომდინარე. მაგალითად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ქართულ ენერგო ბაზარზე დაფიქსირებული ტარიფები და ფასები არანაკლებ საინტერესო გამოდგა, ვიდრე იქნებოდა თურქეთში ექსპორტი. მეტსაც გეტყვით, რომ უფრო საინტერესო იყო ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე დატოვება. ჩვენ თუ შევძელით ფასების დასტაბილურება და არა მისი მომავალი ზრდა და ამასთან ერთად მოვახერხეთ ის, რომ ქვეყნის შიგნით მოთხოვნის მდგრადობა იყოს მაღალი, ამ შემთხვევაში ექსპორტი იქნება საინტერესო და დამატებითი ერთგვარი მექანიზმი იმისა, რომ ქვეყანაში ფუჭად არ დაიხარჯოს რესურსი და წყალი არ დავღვაროთ”, - აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.
ცნობისთვის, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მცირდება, წელს იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან ექსპორტზე 505 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა. 2024 წელს კი ეს მოცულობა მილიარდ კილოვატსაათს აჭარბებდა.



























