სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, ზემო ლარსზე რიგების მიუხედავად, თურქეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად სახმელეთო მარშრუტად საქართველოზე გამავალი დერეფანი რჩება. ორგანიზაციაში ამ გარემოების ასახსნელად კითხვას სვამენ - რა უბიძგებს თურქ მძღოლს აარჩიონ საქართველოს სახმელეთო დერეფანი და ამის განსამარტად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო გზის დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებენ. ამასთან რუსეთთან საქართველოზე გამავალ გზას სხვა ალტერნატიულ დერეფნებთანაც ადარებენ.
"თურქი საავტომობილო გადამზიდველებისთვის ყაზბეგი / ზემო ლარსის გამშვები პუნქტით ტვირთების რუსეთში ტრანსპორტირება ყველაზე იაფი, მაგრამ საზღვარზე დროის დაყოვნების თვალსაზრისით ყველაზე სარისკოა.
მიუხედავად ამისა, თურქი გადამზიდველები საქართველოს სახმელეთო დერეფანს ირჩევენ.
რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, 2024 წლის მონაცემებით, რუსეთში ყველაზე დატვირთულ საავტომობილო საკონტროლო - გამშვებ პუნქტს არა ჩინეთის საზღვარზე მდებარე ზაბაიკალსკი წარმოადგენს, არამედ საქართველოს საზღვართან განლაგებული ზემო ლარსის /ყაზბეგის საკონტროლო - გამშვები პუნქტი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელი რთულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე მდებარეობს და რეგულარულად იკეტება, ზოგჯერ რამდენიმე დღითაც კი, თურქი გადამზიდველებისათვის რომლებიც რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებენ, ბოლო პერიოდში ზემო ლარსი ეკონომიკურად ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას წარმოადგენს.
ყაზბეგი / ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელმა დამატებითი აქტუალობა 2022 წლის საომარი დაპირისპირების შედეგად შეიძინა, როდესაც რუსეთმა ინტენსიურად დაიწყო საქონლის თურქეთში შეძენა.
რუსი გადამზიდველები დამატებით პრობლემად, სანქციების შედეგად ქართული მხარის მიერ, თურქეთის გავლით ევროპული საქონლის ზემო ლარსიდან გატარების შეზღუდვას ასახელებენ და ცალსახად აღნიშნავენ, რომ ზემო ლარსის გავლით მხოლოდ თურქული წარმოშობის გარკვეული სახის ტვირთების გატარებაა შესაძლებელი.„საქართველოს ოფიციალურად სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ისინი აკვირდებიან, რათა ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი არ იქნეს გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით და თურქეთის გავლით არ ატარებენ ევროპიდან პირდაპირ იმპორტირებულ საქონელს საკუთარი საზღვრის გადაკვეთით“.
გარდა ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელისა, თურქულ სატრანსპორტო საშუალებებს რუსეთში ტვირთების ჩატანის სხვა ალტერნატივები გააჩნიათ, მაგრამ ფინანსურ - ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მიმზიდველობა დაბალია. სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს როგორ ალტერნატივა გამოყენებული იქნეს თურქეთ - ირან - აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი. თუმცა, საქართველოს მარშრუტთან შედარებით, ეს დერეფანი უფრო ძვირია, გარდა ამისა, თავად გადამზიდველები ირანში ხშირი შემოწმების, შეფუთვის დაზიანების ან ტვირთის დაკარგვის გამო, ამ მარშრუტს ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ირანისა და აზერბაიჯანის გავლით ევროპული წარმოშობის საქონლის უსაფრთხოდ გადაზიდვაა შესაძლებელი.
თურქეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს, თურქეთის ნავსადგურებიდან რუსეთში საავტომობილო საბორნე გემებით. მაგრამ სახმელეთო საავტომობილოსგან განსხვავებით საბორნე გადაზიდვები 40 - 50% ძვირია, მაგრამ საზღვრებზე დაყოვნების თვალსაზრისით ნაკლებად სარისკოა", - განმარტავენ ორგანიზაციაში.




























