მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქმენეთი საქართველოს პორტებთან ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით ინტერესდება - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურქმენული მხარე საქართველოს მოქმედ პორტებთან ახლოს სასაწყობო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მიმართულებით ინვესტირებით არის დაინტრესებული. ამ მიზნით, საქართველოს პორტებში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დათვალიერებაა დაგეგმილი.

საქმე ის არის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთთან ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში არსებულ აქტიურ პარტნიორობას და მხარს უჭერს უწყვეტი სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პორტების მიმართულებით ტვირთნაკადის ზრდის საკითხი.

"ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას და მზადყოფნა გამოხატა, გააგრძელოს თანამშრომლობა თურქმენეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივების განხილვის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატი არის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა მიმდინარე წლის 6-7 მაისს, აშხაბადში იგეგმება.

მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმება საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტებზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე. ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური დახმარება გაუწიოს თურქმენული გაზის და ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში და შემდგომ ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირების პროექტებს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები