თურქეთში გაზის სავაჭრო პლატფორმა 2025 წლისთვის შეიქმნება. ამის შესახებ თურქულ მედიას თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განუცხადა. მისი თქმით, პლატფორმა თურქული ენერგოკომპანია BOTAS-ისა და რუსული Gazprom-ის თანამშრომლობით შეიქმნება.
მისი განცხადებით, მომავალი წლისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა იქნება გაზის ვაჭრობის ერთგვარი პლატფორმა.
“2025 წლისთვის, ჩვენ შევქმნით კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც სტამბოლის საფინანსო ცენტრში სავაჭრო პლატფორმას აამუშავებს BOTAS-ისა და Gazprom-ის პარტნიორობით. ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს უკვე გავუგზავნეთ.
[რუსეთის პრეზიდენტმა] პუტინმა ჩვენს პრეზიდენტ ერდოღანს დაუდასტურა, რომ Gazprom-ს ამ პროექტთან დაკავშირებით ინსტრუქციებს მისცემს. აქ სტამბოლის გაზის ინდექსი იმუშავებს და გაზის ფასი სწორედ აქ, სტამბოლში დადგინდება. შედეგად, როცა რუსეთი გაყიდის თავის გაზს, იტყვის, რომ გაზს სტამბოლის გაზის ინდექსის მიხედვით ვყიდიო”, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.