თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. ამჯერად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 30 ლირას გადააჭარბა, რაც თურქული ვალუტის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელია. ერთწლიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს.
ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაა. მოგეხსენებათ, თურქეთის ეროვნულმა ბანკმა წინა თვეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 250 საბაზო პუნქტით, 42.5%-მდე გაზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, წლიური ინფლაციის დონე 65%-მდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესაჩერებლად ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა საკმარისი არ არის და დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.
ახლა უკვე ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის ტემპი მომავალშიც დაჩქარდება, რაც თურქეთის ეკონომიკის მიმართ ინტერესის შემცირებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.