თურქულმა Baykar-მა იტალიური Piaggio Aerospace-ის შესყიდვის პროცედურა წარმატებით დაასრულა. €40-მილიონიანი ინვესტიცია მიზნად ისახავს, იტალიის სანაპირო ქალაქი ლიგურია AKINCI-ის ტიპის დრონებისთვის საწარმოო ცენტრი გახდეს.
Piaggio Aerospace, რომელიც იტალიის აერონავტიკაში წამყვანი მწარმოებელია, 2014 წლიდან აბუ-დაბის სუვერენული ფონდის, Mubadala-ს საკუთრებაში იყო, თუმცა კომპანიას ზრდის მდგრადი ტემპი არ დაუფიქსირებია. ამიერიდან კომპანიას თურქული Baykar გაუძღვება, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძე, სელჩუკ ბაირაქტარი ხელმძღვანელობს.
გარიგების ფარგლებში, რომმა "ოქროს ძალის" უფლებამოსილება გამოიყენა და თურქულ კომპანიას სპეციალური პირობები დაუწესა, რომელთა შესრულებაც Baykar-სთვის სავალდებულოა როგორც შესყიდვის, ასევე სამომავლო ოპერაციების დროს.
შემდგარი გარიგებით, იტალიური კომპანიის 50%-იანი წილი Baykar-ის ახლად შექმნილი შვილობილის საკუთრებაში გადადის, 50%-ს კი სელჩუკ ბაირაქტარი და მისი ძმა გაიყოფენ. მმართველობის გადაბარებიდან ორი წლის განმავლობაში, ახალი მფლობელი Piaggio Aerospace-ს რესტრუქტურიზაციას გეგმავს.
Baykar-ის მიზანია, მაღალი ალტიტუდისა და რადიუსის მქონე დრონების წარმოება ჩრდილოეთ იტალიაში გადაიტანოს. შეთანხმება ასევე თავდაცვის გიგანტთან, Leonardo-სთან თანამშრომლობის საშუალებას იძლევა.




























