მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთის გზის პროექტი იწყება: ღირებულება ₾100 მილიონია და 2025 წელს უნდა დასრულდეს

62e242c449f84
თელარა გელანტია
28.07.22 12:01
9311
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი, რომლის საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია, 2025 წელს უნდა დასრულდეს.

როგორც bm.ge-ს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, იწყება ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება.

მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.

„პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. გზა არის ვიწრო და ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები