მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tv Pirveli-ის მფლობელი ფინანსთა სამინისტროს - როგორ გავიგოთ ეს, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება?

5e033d8a727c7
BM.GE
25.12.19 14:36
2492
Tv Pirveli-ის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას, რომელმაც ტელევიზიებს სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა. აღნიშნული განცხადება 23 დეკემბერს გავრცელდა. საქმე ეხება ტელევიზიებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 ოქტობრიდან უფიქსირდებათ დავალიანება.

ვახტანგ წერეთელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

“55 მილიონი შეიძლება აპატიო, მიმდინარე 100 ათასზე კი უკომპრომისო უნდა იყო და საახალწლო დღეებში სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენო. ორი კვირაც არ უნდა ადროვო. სასწრაფოდ გაამზადო წერილი და გამოგზავნო ტელევიზიებში, რომლებიც შენს კონტროლს არ ექვემდებარებიან. 55 მილიონი შეიძლება, მოაკლო ჯარს, პოლიციას, სოციალურად დაუცველებს და მთელ ქვეყანას, 100 ათასი კი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ 1 დღე უნდა დაუტოვო ტელევიზიას. ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების პატიებას, პირიქით, 5 წელია პირნათლად ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა ვუყოთ ორმაგ სტანდარტს? როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება? ამ მეთოდით გაგვაჩერებთ, თუ გავლენას მოახდენთ ჩვენზე? 55 მილიონი vs 100 ათასი”,- წერს ვახტანგ წერეთელი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელ ტელევიზიებს აფრთხილებს, - ამ შინაარსის განცხადება უწყებამ 23 დეკემბერს გაავრცელა და ტელეკომპანიებს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი გადასახადების ძირი თანხის გადახდისთვის ერთ დღიანი ვადა მისცა.

Bm.ge დაინტერესდა, რომელი ტელევიზია არ თუ ვერ იხდის გადასახადებს 1 ოქტომბრის შემდეგ და ვის ემუქრება ინკასო თუ ყადაღა; ასევე, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ტელევიზია გადასახადებს არ/ვერ გადაიხდის და  კიდევ, რა ხდება იმ 55-მილიონიან დავალიანებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წლებია ტელევიზიებს ("იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს")  ბიუჯეტში გადასახდელად დაუგროვდათ.

როგორც აღმოჩნდა, ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „მთავარი“, „ფორმულა“, „პალიტრანიუსი“ 1 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „TV პირველს“, ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს.

განსხვავებულია ტელეკომპანია „კავკასიის“ მდგომარეობა. მისი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს შემდეგ გადასახადებს პრინციპულად არ იხდის და ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დიდი ტელევიზიები მილიონიან დავალიანებებს სრულად არ დაფარავენ.

bm.ge-ის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საგადასახადო დავალიანება აქვს ასევე რამდენიმე რეგიონულ ტელევიზიასაც.

TV-ების მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებამდე 1 დღე რჩება - ვის აქვს ბიუჯეტის ვალი?



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები