TV Pirveli-ს ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. აღნიშნული BM.GE-ს თავად ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა დაუდასტურა. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
მიზეზი ტელეკომპანიის ვალია, რომელიც მათ სახელმწიფოს წინაშე აქვთ. აღნიშნული ვალის დაფარვისთვის ტელეკომპანიებს ერთდღიანი ვადა შემოსავლების სამსახურმა 23 დეკემბერს მისცა.
ინკასოს დადების შესახებ ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურმა დირექტორმაც გაავრცელა. მისი თქმით, ინკასოს დადების შედეგად, ტელეკომპანია ფაქტობრივად გაჩერდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელ ტელევიზიებს აფრთხილებს, - ამ შინაარსის განცხადება უწყებამ 23 დეკემბერს გაავრცელა და ტელეკომპანიებს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი გადასახადების ძირი თანხის გადახდისთვის ერთ დღიანი ვადა მისცა.
Bm.ge დაინტერესდა, რომელი ტელევიზია არ თუ ვერ იხდის გადასახადებს 1 ოქტომბრის შემდეგ და ვის ემუქრება ინკასო თუ ყადაღა; ასევე, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ტელევიზია გადასახადებს არ/ვერ გადაიხდის და კიდევ, რა ხდება იმ 55-მილიონიან დავალიანებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წლებია ტელევიზიებს ("იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს") ბიუჯეტში გადასახდელად დაუგროვდათ.
როგორც აღმოჩნდა, ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „მთავარი“, „ფორმულა“, „პალიტრანიუსი“ 1 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „TV პირველს“, ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს.
განსხვავებულია ტელეკომპანია „კავკასიის“ მდგომარეობა. მისი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს შემდეგ გადასახადებს პრინციპულად არ იხდის და ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დიდი ტელევიზიები მილიონიან დავალიანებებს სრულად არ დაფარავენ.
bm.ge-ის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საგადასახადო დავალიანება აქვს ასევე რამდენიმე რეგიონულ ტელევიზიასაც.