TV PIRVELI-ს ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროებენ გამოძიების დეტალებს. უწყება მოუწოდებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მათ ლექსო ლაშქარავას მობილური ტელეფონი გადასცენ, რომელიც შესაძლოა ინახავდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას გამოადგება.
უწყება ასევე ავრცელებს გუშინ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციას. შს სამინსიტროში აცხადებენ, რომ გუშინ ლექსო ლაშქარავა გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად საბურთალოზე, ასევე “ოჯერ იყვნენ ჩასულები ფონიჭალაში”. უწყება ამბობს, რომ დეტალების გაცხადებისგან თავს იკავებენ, რადგან არ სურთ, რომ საქმეზე წინასწარი დასკვნები გაკეთდეს.
“კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას”,- აცხადებენ სამინისტროში.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა გამოძიება ნარკოტიკების ზედოზირების ვერსიას, სამინისტროში ამბობენ, რომ ესეც განიხილება. მათი თქმით, სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს და წინასწარი დასკვნების გაკეთება, არასწორი იქნება.
"არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება",- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა სცემეს. შედეგად, მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი, მას გასულ დღეებში ჩაუტარდა ოპერაციაც.
ლექსო ლაშქარავა დღეს გამთენიისას გარდაცვლილი სახლში დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზების დადგენას ექსპერტიზა შეეცდება.




























